იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ზეხმელი და დაავადებული ხეები მოიჭრება

შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ზეხმელ და დაავადებულ ხეებს მოჭრის.

 

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოები 25 აგვისტოდან დაიწყება და რამდენიმე დღე გაგრძელდება.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე განხორციელდება მცენარეების ფორმირებისა და მოწესრიგების მასშტაბური სამუშაოები, რათა იმ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ რეკრეაციულ სივრცეს ყოველდღიურად სტუმრობენ, მეტი კომფორტი შეექმნათ.

დღის განმავლობაში, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე უამრავი მოქალაქე გადაადგილდება. ზეხმელი და ხმობადი ხეებისგან ტერიტორიის გათავისუფლება კი ავარიული მდგომარეობის საფრთხეს მინიმუმამდე შეამცირებს.

დედაქალაქის მერიის პრიორიტეტი რეკრეაციული სივრცეების განვითარება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. შესაბამისად, თითოეული მოჭრილი ხის ნაცვლად, ტერიტორიაზე ახალი ნარგავები გაშენდება.

სანიტარიული ჭრის გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, დედაქალაქსა და მის შემოგარენში აუცილებელია მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარება. აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, განხორციელდება სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებები“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

“1არხი”