სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მეოთხე სხდომა გამართა

სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მეოთხე სხდომა გამართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე თავმჯდომარეობდა. სხდომას კომისიის წევრები ესწრებოდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, უწყებათაშორისი კომისიის მეოთხე სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს რეკომენდაციის პროექტი, რომელიც საჯარო მოხელეებს შეახსენებს მათთვის წინასაარჩევნო პერიოდში დაწესებულ შეზღუდვებს.

აღსანიშნავია, რომ ეს რეკომენდაციები კომისიამ გამოსცა 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2016 წლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში. მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციაში. შესაბამისად, კომისიამ საჭიროდ მიიჩნია, კიდევ ერთხელ შეახსენოს საჯარო მოხელეებს უკვე გამოცემული განმარტებები.

რეკომენდაცია მიმართავს საქართველოს ცენტრალური და ხელისუფლების საჯარო მოხელეებს და მოუწოდებს მათ, გაითვალისწინონ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის მოქმედებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვის ერთიანი სტანდარტი, რომელიც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენების აკრძალვას. აგრეთვე, შეახსენებს მათ, რომ სახელმწიფო უწყებებს, მუნიციპალიტეტის ორგანოებს და იმ ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსება ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ეკრძალებათ საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, ელფოსტა), საინფორმაციო მომსახურებისა (მათ შორის, ოფიციალური ვებგვერდი ან/და ბიუჯეტის სახსრებით ადმინისტრირებული სოციალური მედია) და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენების გზით წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ნიშნების შემცველი ინფორმაციის განთავსება.

დოკუმენტი რეკომენდაციით მიმართავს ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებს და მოუწოდებს მათ, კიდევ ერთხელ შეახსენონ საჯარო მოსამსახურეებს, თუ რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ მათ წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, რა სანქციებია დაწესებული კანონის მოთხოვნების დარღვევებზე და როგორ არის დაცული მათი არჩევანის თავისუფლება და ფარულობა.

კომისიის მეოთხე სხდომაზე განიხილეს მედიით გავრცელებული, „ევროპული საქართველოს“ გენერალურ დირექტორ გიორგი უგულავას განცხადება საარჩევნო პლაკატების გაკვრისათვის პარტიის აქტივისტების დაჯარიმების შესახებ.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა კანონის სრული დაცვით, კოდექსის 1502-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება) საფუძველზე. ამდენად, პარტიის აქტივისტების მიმართ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიქმნა. მისი მიზანი წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა.

კომისია ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. ამისათვის კომისია შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევები. საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები მიაწვდიან.

 

“იმედინიუსი”