საქართველოში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან მთლიანად რეგიონში, ასევე მსოფლიოში, სიტუაცია არასახარბიელოა.
„რა თქმა უნდა, ჩვენთან შეზღუდვები თითქმის სრულად არის მოხსნილი, უფრო ინტენსიურია მოძრაობა უცხო ქვეყნებთან. ასევე – შიდა მობილობა სერიოზულად გაზრდილია, რაც ინფექციის გავრცელების მომატებულ რისკთან არის დაკავშირებული, რადგან ქვეყანაში ცირკულირებს ინფექცია. მოეშვა მოსახლეობა და ამიტომ, ძალიან გთხოვთ, დავიცვათ ყველა ღონისძიება – პირველ რიგში, ძალიან მარტივი პროფილაქტიკური ღონისძიება – პირბადე – ყველამ უნდა ვატაროთ დახურულ შენობებში. სასურველია ასევე ვატაროთ პირბადე, როდესაც შენობის გარეთ, ჯგუფურად ვიკრიბებით რამდენიმე ათეული ადამიანი. ძალიან ბევრ ქვეყანაში პირბადეს ქუჩებშიც ატარებენ.
მეორე – დისტანციის დაცვა, მეტრი, მეტრნახევარი. ყველაზე უკეთესია – ორმეტრიანი დისტანაციის დაცვა. ასევე – პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების დაბანა, რასაც დაწესებულებების უმრავლესობაში იცავენ, თუმცა თუ ხშირად არ შევახსენეთ ეს წესები მოსახლეობას, მაინც მივიწყებას მიეცემა, როგორიცაა მაგალითად პირბადის შემთხვევაში.
ასე არ შეიძლება, კოვიდი არსად არ გამქრალა, ის ჩვენთან ერთად არის. ვირუსი ქვეყანაში ცირკულირებს და არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში გადაიზარდოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
სულ 1 421 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 137-ს შეადგენს.
“იმედი”