ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში ბიძაშვილმა ბიძაშვილს სანადირო თოფი ესროლა. შემთხვევა გუშინ საღამოს საათებში მოხდა.
როგორც მეზობლები პირად საუბრებში ამბობენ, ხანშიშესულ ბიძაშვილებს შორის კონფლიქტური ურთიერთობა წლების მანძილზე გრძელდებოდა. ამჯერად კი მათივე თქმით, ინციდენტი იმის გამო მოხდა, რომ ერთი მათგანის ბოსტანში მეორე ბიძაშვილის ქათამმა პომიდორი გააფუჭა.
ამ თემაზე შელაპარაკების დროს 73 წლის ერასტო ლომჯარიას ბიძაშვილმა, ვაჟა ლომჯარიამ სანადირო თოფი ფეხებში ესროლა.
ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში” დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა. ქირურგის ტიტე მელაძის თქმით, ერასტო ლომჯარიას საფანტი წვივის და ბარძაყის არეში აქვს მოხვედრილი. ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უკვე ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტი კლინიკიდან დღეს გაეწერება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი და მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.