კალაძემ აუდიტის სამსახურს გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე განხორციელებული პროექტის მოკვლევა დაავალა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე განხორციელებული პროექტის მოკვლევა დაავალა. მისივე თქმით, უნდა შემოწმდეს როგორც შესრულებული სამუშაოები, ასევე საპროექტო დოკუმენტაცია.

„მეც მაქვს ასევე ფოტოები იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა სანიაღვრე ცხაურებზე იმ დღეს და როგორ იყო გადავსებული. ეს გამოწვეული იყო წყალუხვობით, თუმცა ესეც აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს და უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, რომ ნაგვით გადავსება არ მოხდეს. შეიძლება უფრო დიდი ცხაურების დაყენება იყოს საჭირო“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საჭიროა გლდანში, მიკრორაიონებში შემავალი ქუჩების პროექტირება და სამუშაოების ეტაპობრივი განხორციელება, რათა სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება მოხდეს.

“მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები მიკრორაიონებში ამსვლელ-ჩამომსვლელ გზებზე, სადაც არანაირი სანიაღვრე სისტემა არ არსებობს და თუ არსებობს, მოძველებულია და გამტარუნარიანობა არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, აუცილებელია, რომ დღესვე დაიწყოთ დაპროექტება და სამუშაოების განხორციელება ამ ქუჩებზე ეტაპობრივად. ეზოებშიც სრული კატასტროფა გვაქვს. შესაბამისად, გამგეობასაც მინდა დავავალო, რომ ყველა პროექტის განხორციელებისას აუცილებელია სანიაღვრე სისტემების მოწყობა, მოწესრიგება, რომ ეზოები არ დაიტბოროს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გლდანში, ახალრეაბილიტირებული ხიზანიშვილის ქუჩის საავტომობილო ნაწილზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. აღნიშნულის გამო, ხიზანიშვილის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

 

“ინტერპრესნიუსი”