როგორც “ალიამ” გაარკვია, პოეტ ერეკლე საღლიანის და, მანანა საღლიანი, რომელიც 12 დღის მანძილზე იმყოფებოდა კარანტინში, ტესტირებაზე უარს აცხადებს და სწორედ ამის გამო, მას აუკრძალეს სასტუმროს ტერიტორიის დატოვება.
ადგილზე შეკრებილნი არიან მანანა საღლიანის მეგობრები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მისულია საპატრულო პოლიცია.
“ალია” ესაუბრა საერთაშორისო ორგანიზაციებიის ეროვნული სათათბიროს თავმჯდომარეს, თემურ მაკარიძეს.
თემურ მაკარიძე:
დიღმის მასივში ვართ, სასტუმრო “ჰორიზონტთან”. სხვებთან ერთად, თბილისში, კარანტინში, აღნიშნულ სასტუმროში გადმოიყვანეს მანანა საღლიანიც. გუშინ საღამოს დამთავრდა კარანტინის ვადა, გავიდა 12 დღე. მოვაკითხეთ წასაყვანად და სასტუმროს მენეჯერმა, კარი ჩაუკეტა, არ უშვებს, გამოიძახა საპატრულო პოლიცია. გვეუბნებიან, რომ ტესტირება უნდა გაიკეთოს.
არც საქართველოს კონსტიტუციით, არც ვენეციის კონვენციით, უფლება არა აქვთ ვინმეს აიძულონ ტესტირების ჩატარება. ვითხოვთ კანონს, რა კანონის საფუძველზე ჰყავთ ჩაკეტილი და არ უშვებენ. ვერ გვცემენ პასუხს. გადაგვამისამართეს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ჯანდაცვის სამინისტრომ გაგვიშვა პასუხისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრში, თავის მხრივ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მიგვაბრუნა ჯანდაცვის სამინისტროში.
არათუ პასუხი არა აქვთ, იმასაც ვერ გვეუბნებიან, ვინ შეიძლება პასუხი იცოდეს. ყველა ამ საუბრის ჩანაწერი და ყველა საბუთი ვაჩვენეთ საპატრულო პოლიციას, ახლა ველოდებით ის რას გადაწყვეტს. მოვიდა ერთი ეკიპაჟი, ხვიჩა ჭანტურიას ხელმძღვანელობით, მერე გამოიძახა ზემდგომი და მოვიდა, გიორგი რევაზიშვილი, რომელმაც თავის მხრივ კიდევ ზემდგომს დაურეკა და ვინმე სანდროს ვესაუბრეთ… ახლა ბჭობენ რა გააკეთონ.
“ალია” დაუკავშირდა მანანა საღლიანსაც, რომელიც აღარ არის თავის ნომერში, როგორც გვიყვება, უკვე დატოვა ნომერი და იმყოფება ფოიეში, სადაც გამოაცხადა მშრალი შიმშილობა და გვეუბნება, რომ წყლის დალევასაც არ აპირებს, სანამ მისი საკითხი არ გადაწყდება:
-სვანეთში ვიყავი და გადმომიყვანეს კარანტინში. დავემორჩილე, უარი არ მითქვამს. ავტობუსებით წამოგვიყვანეს, გვითხრეს, – ადით ავტობუსში – ავედით, გვითხრეს, – ჩამოდით ავტობუსიდან – ჩამოვედით, ცხვრებივით დავემორჩილეთ. არავის უკითხავს, რომ მოვყავდით ამ ავტობუსით, ვინმეს რამე სიმპტომი ხომ არა გვაქვს, ვინმეს რამე ხომ არ გვტკივა, ვინმე ხომ არ ვართ ცუდად, არც ექიმი გამოუყოლებიათ, იქნებ ვინმე ცუდად გამდარიყო გზაში? თუ ასე საშიშია ეს ვირუსი, ექიმის გარეშე უნდა გვემგზავრა? ტყუილი სხვისი მეზარება და არ ვიტყვი ტყუილს, ჩემ გვერდით არავინ იჯდა, მაგრამ ისხდნენ გვერდი-გვერდ ავტობუსში, არც ეგ დისტანცია იყო დაცული.
მე ადამიანი ვარ, პიროვნება ვარ, მინდა, გავიკეთებ ტესტს, მინდა, არ გავიკეთებ, არანაირი სიმპტომი არა მაქვს. მითხრან, რა კანონის საფუძველზე მთხოვენ ტესტირებას, დამელაპარაკონ კანონით და კი ბატონო, მერე შეიძლება დავთმო. ახლა კი ჩემ სახელმწიფოს ტყვედ ვყავარ აყვანილი, ამ ბრიყვებმა კანონიც არ იციან.
რაც შეეხება სასტუმროს, ვერც სასტუმროზე ვიტყვი ცუდს, კარგად მექცეოდნენ, დღევანდელ დღემდე. ახლა ჩამკეტეს და რა ვთქვა, როგორც უბრძანეს, ისე იქცევიან. მიჩვეულია ხალხი რომ წინააღმდეგობას ვერ უწევს ხელისუფლებას. მე არ ვარ მონობას მიჩვეული, არ ვარ მიჩვეული, ყურში ხელი მომკიდონ და რაც უნდათ ის გამაკეთებინონ.
კორონავირუსის თემა მეცნიერულად მაქვს უკვე შესწავლილი და ისიც ვიცი რა ხდება მესტიაში, ხატზე დავიფიცებ, რომ მესტიაში არ არსებობს კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანი და არც არსებობდა, ეს არის გათამაშებული სცენარი, აფიორაა. ვიღაცას ასე აწყობდა და ვისაც უნდა, გაჰყვეს ნახირივით, მათი ნებაა.
მე დღეს ვარ გამოკეტილი იმ საკითხების გამო, რისთვისაც წლებია ვიბრძვი ჩემ რაიონში.
-უკვე თვეე მეტი გავიდა, რაც ლენჯერიდან დაიკარგა 13 წლის ილია ფილფანი, იგი დღემდე არაა ნაპოვნი, მაქვს ინფორმაცია, რომ მესტიაში და ლენჯერში აქციებს და გზის გადაკეტვას აპირებდა მოსახლეობა და ისინი, სწორედ, კორონავირუსის პანდემიამ შეაჩერა. შეიძლება, ლენჯერის ჩაკეტვა დაკავშირებული იყოს ილია ფილფანთან?
-თქვენ ჟურნალისტი ბრძანდებით და გაქვს სრული უფლება, კითხვის დასმის, სამართლიანი კითხვაა. რა ხდება? რატომ არ არის გარკვეული? ვუკავშირებ თუ არა ლენჯერის ჩაკეტვას ილია ფილფანის გაუჩინარებას? – ასე ვუპასუხებ, ყველაფერს ვუკავშირებ, თუკი რამე მოხდა პანდემიამდე, მე ის ადამიანი ვარ, ვინც სვანეთი ამბები კარგად იცის, ყველა მაიმუნობა ვიცი, სად რა ხვრელი კეთდება, ისიც ვიცი, სწორედ ამიტომ უნდათ თაგვივით გამომკეტონ სათაგურში, მაგრამ არ გამოუვათ. კაცის მკვლელები დაუდით გარეთ და მე გამომკეტეს!
“ალია” დაუკავშირდა ერეკლე საღლიანსაც, რომელიც ამჯერად არ იმყოფება თბილისში და ვკითხეთ მას, რა ინფორმაციას ფლობს, არის თუ არა მესტიაში კორონავირუსი გავრცელებული, ან რამე ინფორმაციას ხომ არ ფლობს ლენჯერიდან გაუჩინარებულ ილია ფილფანზე.
ერეკლე საღლიანი:
რაც შეეხება ჩემ დას, ვიცოდი, რომ დღეს უნდა გამოსულიყო კარანტინიდან. არ ვარ ახლა თბილისში და ჯერ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ.
კორონავირუსზე რა გითხრათ, ვირუსზე რომ ვისაუბრო, არ ვიქნები გულწრფელი, მე არა ვარ სპეციალისტი და არ ვარ ჩახედული. მაშინ, როცა სვანეთი ჩაიკეტა უკვე წამოსული ვიყავი სვანეთიდან.
ილია ფილფანის ოჯახს კი მინდა ღრმა მწუხარება გამოვუცხადო, დიდი ტკივილია, ძალიან დიდი ტკივილი, ხშირად ვფიქრობ, რით შემიძლია დავეხმარო, ნეტა, რამე შემეძლოს. ერთი ის ვიცი, რომ ძებნა უნდა გაგრძელდეს. ღმერთმა ქნას, რომ მშვიდობიანად დასრულეს ეს ამბავი და ცოცხალი ვიპოვნოთ. ყველგან უნდა მოვებნოთ ისევ.
ალია