მოჭიდავე ძმები ლუკა და იური ლომაძეები ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მოჭიდავე ძმები, ლუკა და  იური ლომაძეები ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, აღნიშნა რომ ბრალდება ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ეხება და საქმის სიმძიმიდან გამომდინარე ვერ დააკმაყოფილებდა ადვოკატების მოთხოვნას.

შეგახსნებთ, რომ ბრალდება ლომაძეებს ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთას ედავება. ისინი ივლისის თვეში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

“რუსთავი2”