რატომ დააჯარიმეს ოპოზიციური პარტია

თბილისის მერია ყურადღებით ადევნებს თვალს, ვინ და სად აკრავს თავის სააგიტაციო პლაკატებს – დადგენილი წესების დარღვევისთვის ორი ოპოზიციური პარტია უკვე დაჯარიმდა.

პარტიის „სტრატეგია აღმაშენებელი“ აქტივისტები წინასაარჩევნო პლაკატების თბილისში ბარათაშვილის ქუჩაზე გაკვრისთვის დააჯარიმეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

აქტივისტები პლაკატებს საცხოვრებელი სახლების კედლებსა და ღობეებზე აკრავდნენ. პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ პოლიციელები კანონის დარღვევით მოქმედებდნენ, ემუქრებოდნენ აქტივისტებს. ის მათ დასჯას მოითხოვს.

მანამდე ანალოგიური ქმედებებისთვის დაჯარიმდა კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ახალი პოლიტიკური პლატფორმაა, რომელიც პარტიების „ახალი საქართველო“ და „კანონი და სამართლიანობა“ ლიდერებმა გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა შექმნეს.

გიორგი ვაშაძე თბილისში ოპოზიციის მიერ შეთანხმებული მაჟორიტარი დეპუტატობის ექვსი კანდიდატიდან ერთ–ერთია. ის ისანში იყრის კენჭს.

ჩარკვიანმა თავისი კანდიდატურა საბურთალოს საარჩევნო ოლქში წარადგინა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

“სპუტნიკი”