პენსია ახალი განრიგით გაიცემა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიების განრიგით გაცემა საჭიროა იმისთვის, რომ პანდემიის დროს ბანკებთან რიგები არ იყოს.

პენსიის გაცემა ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე შესაბამისი განრიგით იქნება შესაძლებელი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

გახარიას განცხადებით, ყველა პენსიონერს ეცოდინება თავისი განრიგი და ამას ბანკი უზრუნველყოფს.

„მოხუცები არიან მაღალი რისკის ჯგუფში, ამიტომ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით, პენსიონერს ეცოდინება თავისი განრიგი. არანაირი ტექნიკური შეფერხება და პრობლემა არ იქნება“, -განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერის განცხადებით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ პანდემიის დროს ბანკებთან არ იყოს რიგები და პენსიონერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით არა ყველამ ერთ დღეს, არამედ პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე მიიღოს პენსია.

პენსიის ოდენობა საქართველოში 220 ლარს შეადგენს. 1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებს პენსია 30 ლარით გაეზარდათ  და  250 ლარს მიაღწია.  ქალებისთვის საპენსიო ასაკი 60 წელია, მამაკაცებისთვის – 65 წელი. საქართველოში სულ 770,3 ათასი პენსიონერია.

 

“სპუტნიკი”