რუსეთის ეკლესიის სინოდმა ბელარუსის ეგზარქოსი თანამდებობიდან გადააყენა

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა ბელარუსის ეგზარქოსი მიტროპოლიტი პაველი თანამდებობიდან გადააყენა და ჩრდილოეთ კავკასიაში ყუბანის მიტროპოლიტად გადაიყვანა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა დოჟდი აქვეყნებს. რუსული მედია RBC-ს ცნობით კი, ყუბანში მიტროპოლიტი პაველი კოვიდ ინფექციით გარდაცვლილ მიტროპოლიტ ისიდორას შეცვლის.

ბელარუსის ახალ ეგზარქოსად ბორისოვის ეპარქიის ეპისკოპოსი ვენიამინი დაინიშნა, რომელიც ბორისოვის ეპარქიის მართვასაც გააგრძელებს.

რუსეთის სინოდის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის უფროსის, ვლადიმირ ლეგოიდას თქმით, მიტროპოლიტმა პაველმა გადაყენების მოთხოვნით სინოდს თავად მიმართა. ლეგოიდამ საკუთარ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა, რომ:

“წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსის, მინსკისა და ზასლავსკის მიტროპოლიტის, პაველის მოვალეობისგან გათავისუფლების შესახებ”.

მედიის ცნობით, 9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებული არჩევნების შედეგები ლუკაშენკოს ეგზარქოსმა პაველმა მიულოცა. მოგვიანებით კი, ლუკაშენკოს აქციებზე გამოსული ხალხის მიმართ ძალადობის შეჩერების თხოვნით მიმართა და საყოველთაო მშვიდობა იქადაგა. ასევე, საავადმყოფოებში მოინახულა აქციების დარბევისას დაშავებული ხალხი და მოუწოდა, რომ სულით არ დაცემულიყვნენ.

22 აგვისტოს ლუკაშენკომ ეკლესიის წინამძღვრებს მოუწოდა, არ ჩარეულიყვნენ პოლიტიკაში:

“ძვირფასო ღვთისმსახურებო, საკუთარი საქმე აკეთეთ. ეკლესიებში ხალხი სალოცავად უნდა მოვიდეს. ეკლესია პოლიტიკის ადგილი არ არის”.

გამოცემა ეხო კავკაზას ცნობით, მიტროპოლიტ პაველს აკრიტიკებდა, როგორ ოპოზიცია, ისე ლუკაშენკოს მომხრეები. გამოცემის ინფორმაციით, ოპოზიცია უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ ბელარუსის ეკლესია ფაქტობრივად არაფერს ამბობდა არჩევნების შედეგებისა და ძალისმიერი მეთოდებით დაშლილი აქციების შესახებ. ხოლო ლუკაშენკოს მომხრეები მიტროპოლიტს ადანაშაულებდნენ, რომ იგი ხელისუფლების პირდაპირი მხარდაჭერას თავს არიდებდა.

25 აგვისტოს მიღებულ სინოდის დადგენილებაში ნათქვამია, რომ მიტროპოლიტ პაველის ძალისხმევას, რომელიც მშვიდობასა და საზოგადოებრივი სიმშვიდის აღდგენას ისახავს მიზნად, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიესალმებიან.

“ონ ჯი”