საქართველოდან დისტანციურად მუშაობის მსურველებმა კარანტინი და ტესტირება საკუთარი სახსრებით უნდა გაიარონ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა პროგრამის „იმუშავე საქართველოში“ დეტალებზე საუბრისას განაცხადა.
„ეს პროგრამა აძლევს საშუალებას 95-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსვლის, დისტანციური მუშაობის მსურველებს ან ფრილანსერებს, ვინც დღესაც არიან კონტრაქტორები და მუშაობენ დისტანციურად, ჩამოვიდნენ საქართველოში, საკუთარი ხარჯით გაიარონ კარანტინი, ტესტირება და შემდეგ დარჩნენ ჩვენს ქვეყანაში და იმუშაონ აქედან, ვინაიდან საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და კომფორტული ადგილი იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ვიზიტორები სწორედ საქართველოში ჩამოვიდნენ. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ უსაფრთხო ქვეყანა, ასევე გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი უპირატესობები, რის გამოც ისინი არჩევენ საქართველოს და ეს ინტერესი უკვე არის გამოვლენილი. ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, ჩვენი ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი პირობები არის უფრო ხელმისაწვდომი და მათი დანახარჯებიც იქნება ნაკლები. რაც მთავარია, საქართველო არის მშვენიერი ქვეყანა, რომლის მიმართულებაც არის დიდ სიამოვნებასთან დაკავშირებული და ისინი შეძლებენ, რომ შეათავსონ თავისი სამუშაო და სასიამოვნოდ გაატარონ ეს თვეები ჩვენთან,“ – განაცხადა თურნავამ.
“იმედინიუსი”