დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მუშაობა გრძელდება და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სატრანსპორტო დერეფნების მოწყობის შედეგად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო 7-დან 15 წუთამდე შემცირდება.
დედაქალაქის მერის განცხადებით, უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტი სატრანსპორტო დერეფნების საკითხის დეტალური განხილვის მიზნით, საჯარო შეხვედრას გამართავს, რომელშიც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას.
„ზოგადად, სატრანსპორტო პოლიტიკის საკითხებში ჩართული არიან უცხოელი და ქართველი სპეციალისტები, ექსპერტები და მათ მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის. ამ ეტაპზე, გადავდივართ სატრანსპორტო დერეფნების საკითხის დეტალურ განხილვაზე და რამდენიმე ქუჩაზე უკვე ზუსტი მოდელირება და სატრანსპორტო სქემები გვაქვს შედგენილი. მომდევნო დღეების განმავლობაში, გვექნება პრეზენტაცია, სადაც გვეყოლება მოწვეული სტუმრები, იქნება მსჯელობა, რომელშიც ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვებიან და საზოგადოებასაც სრულ ინფორმაციას მივაწვდით. პირველი პროექტი, რომელიც ამ მიმართულებით განხორციელდა, იყო ჭავჭავაძის გამზირი, სადაც მოეწყო შესაბამისი საავტობუსე ზოლები, მთლიანად შეიცვალა სატრანსპორტო პოლიტიკა და ეს არ იქნება ერთადერთი. საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოებს აუცილებლად გავაგრძელებთ, რომ არსებულ გზებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება სწრაფად და კომფორტულად შევძლოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ასევე, „ჭკვიანი შუქნიშნების“ შესყიდვაა. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია და უახლოეს მომავალში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.
“მეტრონომი”