პანდემიით გამოწვეული იძულებით პაუზის შემდეგ ძიუდო ბრუნდება. ინფორმაციას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდი ავრცელებს, რომლის მიხედვითაც შემოდგომაზე სამი მნიშვნელოვანი ტურნირი ჩაინიშნა.
კერძოდ, ოქტომბრის მიწურულს ბუდაპეშტის „გრანდ სლემი“ გაიმართება, დეკემბერში ტოკიოს „გრანდ სლემი”, ხოლო წლის ბოლოს დოჰას „მასტერსი” ჩატარდება. სპორტსმენები სამივე ტურნირზე შეძლებენ ტოკიოს 2021 წლის ოლმპიური თამაშებისათვის საკვალიფიკაციო ქულების მოპოვებას.
გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტურნირების დაგეგვმის დროს გათვალისწინებული იქნება მსოფლიოში არსებული ეპიდსიტუაცია და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ტურნირების მონაწილეთა უსაფრთხობას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.
„დადგა დრო, გამოვაცხადოთ, თუ ეტაპობრივად როგორ განვაახლებთ ჩვენს საქმიანობას. ჩვენ ვიცით, რომ სიტუაცია განსხვავებულია მთელ მსოფლიოში, მაგრამ არის ტერიტორიები, რომლებიც მზად არიან ღონისძიებების ორგანიზებისთვის. უნგრეთი მზად არის, რომ გრანდ სლემს უმასპინძლოს ოქტომბრის ბოლოს, აუცილებელი ჯანმრთელობის უსაფრთხოებით ზომების დაცვით. ყველა ქვეყნის წარმომადგენელს შეეძლება მონაწილეობის მიღება. ჩვენ ვქმნით სპეციალურ გუნდს, რომელიც პასუხისმგებელია ამ მოახლოებულ ღონისძიებებზე და ხელს შეუწყობს ჩვენი ყველა მონაწილის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. იგივე პირობები იმოქმედებს იაპონიაში, ტოკიოს გრანდ სლემის შემთხვევაშიც”, – განაცხადა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა.
“იმედინიუსი”