„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გააქტიურებასა და ისანში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ კანდიდატურას ეხმაურება.
„კიდევ ერთხელ ისნის ოლქზეც და მიშას ფაქტორზეც. ბევრი პარტია კი უჭერს მხარს გიორგი ვაშაძეს, მაგრამ მათი ჯამური რესურსი ნაცების და მათი პარტნიორების რესურსს მაინც ჩამორჩება (ან არ აღემატება). არც ბევრს იმუშავებენ, ჩემი აზრით.
ნაციონალების ამომრჩევლები აღარ დაუჭერდნენ მხარს გიორგის ისანში, პრემიერობის “პრეტენზიის” (რეალურად, რამდენიმე პროცენტიანი სუბიექტის მიერ საარჩევნო ტექნოლოგიად ამ ფსევდო პრეტენზიის არჩევის) და სხვა დაძაბულობის მერე, მით უმეტეს. ეს მოცემულობა იყო.
ისანში ოპოზიციური მანდატის მოგების შანსი ახლა გაცილებით მეტია. თუ გიორგი ვაშაძის მხარდაჭერა იმდენად მზარდია, რომ 5 ნომრის მფლობელ ხატია დეკანოიძეს და მოქმედ მაჟორიტარ დავით ჭიჭინაძეს მაინც გაუსწრებს (არ ველოდები ასეთ შედეგს, მაგრამ ხომ შეიძლება, ვცდებოდე), მაშინ მოუგია ოლქი მეორე ტურში. და თუ ჭიჭინაძე მართლა ისე მაგარია, როგორც საუბრობს, რა მნიშვნელობა აქვს 5 ნომერი იქნება თუ არა. ჭიჭინაძის, აგრეთვე ლელოს და სხვათა კანდიდატების ყოფნა გარდაუვალს ხდიდა, რომ ოპოზიცია პირველ ტურშივე ვერ გაიმარჯვებდა ისანში. ასე შეხედეთ. პრაგმატულად ოპოზიციური მანდატისთვის ბრძოლა ახლა უფრო რეალისტურია.
ოლიმპიური პრინციპი ხომ არაა, მთავარი მონაწილეობა რომ იყოს. თითოეულ ოლქში (თბილისში და დიდ ქალაქებში განსაკუთრებით) გამარჯვება გვაახლოებს არჩევნებში ბიძინას დამარცხებასთან. ვვარაუდობ, რომ 10-12 მანდატიანი უპირატესობით მაინც დაამთავრებს ოპოზიცია პროპორციულ სისტემით პირველ ტურს (55/45 შედეგით ოპოზიცია/ ბიძინას ორბიტა)… ამიტომ თითოეული ურბანული ოლქი განსაკუთრებულია.
არჩევნები კი თვლითაა. საერთო ოპოზიციური გამარჯვებაა ამოცანა და არა ამა თუ იმ პარტიის მანდატების რაოდენობა (ერთით მეტი თუ ერთით ნაკლები). სწორედ ამიტომ მოვითხოვდი კატეგორიულად, რომ ნაცბლოკს და სხვა სუბიექტებსაც რეგიონებში ყველგან დაეყენებინათ კონკურენტუნარიანი კანდიდატები, რათა მათში ყველაზე ძლიერი სწორედ კონკურენციით გამოვლენილიყო. წინასწარი შეთანხმებები გაზრდიდა მონაწილეობის „ოლიმპიურ პრინციპს” და არჩევნებში ჯამურად ოპოზიციის დამარცხების საფრთხეს. ყველაფერი მიდის სწორად,“- წერს ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.
პოლიტიკოსი საკუთარ პოსტში, ქართულ პოლიტიკაში, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორსაც განიხილავს.
„კიდევ ერთი აქტუალური საკითხი – მიხეილ სააკაშვილის გაცხადებული გადაწყვეტილება, ქართულ პოლიტიკაში სრულად დაბრუნების შესახებ.
კაი ხანია, შეთანხმებული ვართ:
- მიშას გარეშე ვერ ვიგებთ;
- მარტო მიშაც ვერ იგებს;
მოზომილი, შემრიგებლური, ბოდიშის თანხლებით კორექტული ტექსტი ადასტურებს, რომ იგი სხვა პარტიებთან და მათ ამომრჩევლებთან მჭიდრო თანამშრომლობაში ხედავს საკუთარ პარტიულ და პერსონალურ პოლიტიკურ წარმატებას.
ცხადია, მისი ამომრჩევლის სრული მობილიზებისთვის მიშას დამაჯერებელი აქტიურობა (ვნახოთ, მართლა იქნება თუ არა პრემიერობის გაცხადებული კანდიდატი) მნიშვნელოვანია. არც ერთ “მიშისტურ” ხმას ნაცბლოკი ა(აღ)რ დაკარგავს.
საარჩევნო კამპანიის სტილი გვაჩვენებს, მოხერხდება თუ არა ნაციონალების ლიდერობით შექმნილი საარჩევნო ბლოკისთვის იმ პოტენციური ამომრჩევლების მოზიდვა, რომლებიც არც წარმომავლობით, არც მენტალობით ნაციონალები არ არიან, უფრო მათი მოწინააღმდეგეები იყვნენ ძირითადად იმ ცხრა წელშიც და ამ რვა წელშიც. მიშას ბოდიშის ადრესატები ხომ სწორედ ისინი არიან, მეტწილად. ოპოზიციური – ნაცური და არანაცური, პროდასავლური ხმების ჯამი დაახლოებით ტოლია და ჯამში ორი მესამედია.
საარჩევნო პროცესში აქტიურობაზე, ინტელექტზე, განვითარების გასაგებ და დამაჯერებელ გზავნილებზე ბევრ სფეროში, “მიშა მოდის” სახელისუფლებო (და არა მარტო) ნეგატიური პროპაგანდის ეფექტის არსებით შემცირება/ განეიტრალებაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად აღმოვჩნდებით არანაცური წარმომავლობის რესპები და სხვებიც იმ არანაცური მესამედიდან ნაცბლოკისთვის, 5 ნომრისთვის ორიენტირები.
ნაწილისთვის უფრო კი. სხვები კი სხვების, “მესამეების” ამომრჩევლები იქნებიან…ოპოზიციური ზიარჭურჭელია.
ოპოზიციური ხმები არ დაიკარგება…თუ ერთმანეთის ლანძღვა/გინებას, იარლიყებს შევეშვებით.
ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლება აუცილებლად იქნება კოალიციური. არც ერთი საარჩევნო სუბიექტი არ იქნება არც საკმარისი და არც სასარგებლო მომავალი პროდასავლური, დემოკრატიული კოალიციისთვის. ორზე მეტ სუბიექტს ვვარაუდობ კოალიციაში.
ვის რა პოზიცია ექნება მომავალ კოალიციურ ხელისუფლებაში, ამას ამომრჩეველი განსაზღვრავს.
ყველაფერი იქნება უკეთ!,“- წერს ბერძენიშვილი.
“პრაიმტაიმი”