დეა კულუმბეგაშვილის ფილმის მსოფლიო პრემიერა სან-სებასტიანის კინოფესტივალზე შედგება

დეა კულუმბეგაშვილის ფილმ „დასაწყისის” მსოფლიო პრემიერა სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება. დეას ფილმთან ერთად ფესტივალის მთავარი ჯილდოს „ოქროს ნიჟარის” მოსაპოვებლად კიდევ 5 ფილმი იბრძოლებს.

სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი 18-26 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალის სრული პროგრამა მომდევნო კვირების მანძილზე გასაჯაროვდება. კიდევ ერთი დეტალი, რომელიც უკვე ცნობილია არის ის, რომ სან-სებასტიანის ფესტივალი ვუდი ალენის ფილმით გაიხსნება.

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ რამდენიმე კვირის წინ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალზე ხვდება.

2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები” წარმოდგენილი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში, 2016 წელს კი დეა კულუმბეგაშვილის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეთა” აჩვენეს სექციაში „რეჟისორთა ორკვირეული”.

კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს კანის საერთაშრისო კინოფესტივალი ტრადიციული ფორმით არ ჩატარდება. ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები გადანაწილდნენ ტორონტოს, სან-სებასტიანის, ნიუ-იორკის, ვენეციის, ბუსანისა და ლუმიერის კინოფესტივალებზე. მთელ ამ პროცესს კანის კინოფესტივალის დირექტორი ტიერი ფრემო ასე უწოდებს – “კანი კედლებს მიღმა”.

ფილმ “დასაწყისში” მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, რატი ონელი, კახა კინწურაშვილი და საბა გოგიჩაიშვილი ასრულებენ. “დასაწყისი” გადაღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

წყარო: exclusivenews.ge