„დააკვირდით ნაცების შხამიანი პროპაგანდის პრინციპს: შაქარაშვილის საქმეზე, დაზარალებული ოჯახი ვერ აიყოლიეს, რის გამოც ახლა მათ ლანძღავენ და, სამაგიეროდ, მკვლელობაში ბრალდებულებს იცავენ. ბაჩალიაშვილის საქმეში პირიქით – დაზარალებულის პოზიცია მოსწონთ და ზედ დაჰფოფინებენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„რაში ვერ აიყოლიეს შაქარაშვილები და რა მოსწონთ ბაჩალიაშვილების? სახელმწიფოზე შეტევაში მონაწილეობა, თორემ ერთი გარდაცვლილიც ფეხებზე ჰკიდიათ და მეორეც ამ გარეწრებს“ – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.
გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. 10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.
რაც შეეხება 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს; ის თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.
“რუსთავი2”