რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა. „გამოვდივართ იქედან, რომ ბელარუსში არჩევნები შედგა,“ – განაცხადა პუტინმა ტელეკომპანია Россия 1-სთან ინტერვიუში, რომელსაც რუსული მედია ჯერჯერობით ანონსის სახით ავრცელებს.
შეგახსენებთ, ბელარუსში, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. მომიტინგეები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებენ, რომლის თანახმადაც ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 80.1 % მიიღო. ისინი ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
გუშინ, ევროკომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ბერლინში გამართული არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსის 9 აგვისტოს არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ქვეყნის ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებენ.
“აიპიენი”