სააგენტო ТАСС იუწყება, რომ ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა აღიარა: კორონავირუსის პანდემიამ მილიონობით ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იქონია ცუდი ზეგავლენა.
ბევრ ადამიანს განუვითარდა განგაშისა და ძლიერი შიშის გრძნობა. ამასთან, პანდემიის პირობებში, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამსახურები ხარვეზებით ფუნქციონირებენ.
ფსიქიკისთვის ძირითად საფრთხეს წარმოადგენს სოციალური ურთიერთქმედების არარსებობა, რაც პანდემიას მოჰყვება შედეგად – ამბობს გებრეიესუსი. თუმცა, პანდემიამდეც, მსოფლიოში დიდი ყურადღება არ ექცეოდა ფსიქიკურ ჯანმრთელობას. “დაახლოებით მილიარდი ადამიანი ცხოვრობს ფსიქიკური დარღვევებით, სამი მილიონი ყოველწლიურად იღუპება ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების გამო და ყოველ 40 წამში ერთხელ ერთი ადამიანი თავს იკლავს” – ასეთი სავალალო სტატისტიკა გაავრცელა მანვე.