ამ პუბლიკაციის პირველი ნაწილი გამოქვეყნდა სააგენტო NLN-ის საიტზე და მაშინვე გამოიწვია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი (25 ათასზე მეტი ნახვა პირველივე დღეებში). მასში მოთხრობილი იყო საქართველოში მომხდარი მორიგი ხმაურიანი დანაშაულის შესახებ: გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს ახალგაზრდა ქართველი პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი, თუმცა, თვითმკვლელობის თითქმის ოფიციალური ვერსიის მიუხედავად, საღი აზრი, ლოგიკა და ზოგიერთი ფაქტობრივი გარემოება გვიჩვენებს, რომ იგი მოკლეს.
NLN წარმოგიდგენთ ზოგიერთ დეტალს და გარემოებას ამ საქმეზე მიმდინარე კერძო გამოძიებისა, რომელსაც ატარებს ანალიტიკური სააგენტო „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრი“ (საქართველო, თბილისი). გვესაუბრება სააგენტოს ხელმძღვანელი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ბ-ნი დავით ფურცხვანიძე:
„ჩვენს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ თამარის გარდაცვალება პირდაპირ კავშირშია როგორც მის საყოველთაოდ ცნობილ სამსახურთან აშშ-ის მოქალაქე აბრაამ რეიხბახის (Abraham Reikhbakh) მართვის ქვეშ მყოფ კომპანიათა ჯგუფში, ასევე ამ კომპანიების საქმიანობასთან. კომპანია ZAG Ltd, რომელშიც მუშაობდა თამარ ბაჩალიაშვილი, რეგისტრირებულია საქართველოში 2015 წელს (ID – 405130914). ახლახანს ოფიციალურად (უფრო სწორად, საჯაროდ) გახდა ცნობილი, რომ აღნიშნული კომპანია, ისევე როგორც რეიხბახის მიერ (ან, მისი მონაწილეობით) სხვადასხვა ქვეყანაში დარეგისტრირებული და აქტიურად მომუშავე 34 კომპანია პორნოგრაფიულ საიტებს აწარმოებენ (არა პორნოფილმებს, არამედ მხოლოდ მათი დემონსტრირების ტექნიკურ საშუალებებს – ამტკიცებენ კომპანიის ხელმძღვანელები და თანამშრომლები).
თუმცა, უნდა ითქვას, რომ პორნოინდუსტრია (ან, მისი ტექნიკური მომსახურება) ბ-ნ რეიხბახის კომპანიების საქმიანობის მხოლოდ ერთი მიმართულებაა (აქვე აღვნიშნავთ, რომ რეიხბახის საეჭვო ბიზნესებით დაკავებული მხოლოდ დარეგისტრირებულ კომპანიათა რიცხვი 120-ს აღწევს, დაურეგისტრირებელი და სხვის სახელზე გაფორმებული კი სამასამდეა…).
რეიხბახის სტრუქტურათა უმრავლესობა დიდ მონაცემთა (Вig data) დარგში მუშაობს, რომელთა ანალიზი მკვლევარებს, ანალიტიკოსებს და ბიზნეს-მომხმარებლებს აძლევს გადაწყვეტილების სწრაფად მიღების და ოპტიმიზაციის საშუალებას იმ მონაცემთა საფუძველზე, რომლებიც ადრე მიუწვდომელი და გამოუყენებადი იყო. აქ გამოიყენება ტექსტური ანალიზი, მანქანური სწავლება, წინასწარმეტყველების ანალიზი (Predictive analytics), მონაცემთა ინტელექტუალური ანალიზი, ბუნებრივი ენის სტატისტიკა და დამუშავება და სხვა, მათ შორის ტრადიციული მეთოდიკის ალტერნატივა – მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა და Business Intelligence კლასის გადაწყვეტილებები.
ინტერნეტ-ტექნოლოგიების ჩვენს ექსპერტთა მონაცემების საფუძველზე დავასკვენით, რომ მსხვილი დასავლური კომპანიები, როგორც წესი, თანამშრომლებს IT ტექნოლოგიების დარგში რთული ამოცანები გადასაწყვეტად და პროგრამების შესადგენად ეძებენ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, ინდოეთი, გერმანია. საქართველო არ განეკუთვნება ამ ქვეყნების რიცხვს, თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ საქართველოში არიან უდავოდ ნიჭიერი პროგრამისტები, და, თუ გავითვალისწინებთ ცხოვრების დონეს საქართველოში და ამ ქვეყნის პოლიტიკურ კავშირებს რუსეთსა და აშშ-თან, საქართველოში იქმნება ძალიან მოსახერხებელი სამოქმედო ველი შპიონაჟისა და ნებისმიერი ინფორმაციის მიღება-გადაცემისათვის. ძალიან ბევრი მსხვილი ორგანიზაცია იწვევს აუტსორსინგის სპეციალისტებს იმ ქვეყნებიდან, სადაც გავრცელებულია კორუფცია და არის იაფი მუშახელი. მოცემულ რეალობაში საქართველო გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი გლობალური კიბერუსაფრთხოების საკითხებში.
ახლა კი, მთავარზე:
თამარ ბაჩალიაშვილმა, საბაზისო განათლების გარდა, 2019 წელს მიიღო კვალიფიკაცია პარიზის სპეციალიზებულ სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში – Université Paris 8 (ცენტრალური სასწავლო და კვლევითი ცენტრი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში. შეიმუშავებს საზოგადოებაში გრძელვადიანი პერსპექტივით ინტეგრაციის მეთოდიკას და ინსტრუმენტებს) და INSA Rennes (გამოყენებით მეცნიერებათა ნაციონალური ინსტიტუტი, საფრანგეთში პირველი საინჟინრო სკოლების ქსელის INSA Group-ის წევრი. აქვს ორი მიმართულების სპეციალიზაცია – საინფორმაციო და საკომუნიკაციო მეცნიერებები და ტექნოლოგიები და მასალები, კონსტრუქციები და მექანიკა). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს სტრუქტურები იმყოფებიან არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ ასევე ევროპის ზოგიერთი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების პატრონაჟის ქვეშ.
საბოლოო ჯამში თამარ ბაჩალიაშვილმა მიიღო PHP სპეციალისტის კვალიფიკაცია, სპეციალური PHP-სკრიპტის გამოყენებით ქმნიდა და ამუშავებდა პროგრამებს, დანართებს და ვებ-საიტებს, მუშაობდა დიდ მონაცემთა ანალიზზე, ძირითადად – ტრანზაქციათა მონიტორინგზე რეალურ დროში, რაც იძლევა ანომალურ გარემოებათა და ქმედებათა, როგორც შესაძლო თაღლითობის, წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობას. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მეთოდიკა იძლევა დიდი ფინანსური ნაკადების გადაადგილებაზე კონტროლის საშუალებას, კიდევ უფრო მარტივად – დიდი რაოდენობის ფულის „გათეთრების“ აღკვეთას. გათეთრებული ფული კი ძირითადად მიიმართება ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებისა და იარაღის უკანონო ვაჭრობისათვის. აქედან გამომდინარე, არსებობს საკითხის მეორე მხარე: დიდ მონაცემთა პოტენციალის რეალიზაცია, წინასწარმეტყველური ანალიზის გამოყენებით და ისტორიული და ტრანზაქციული მონაცემების გათვალისწინებით, ეხმარება ორგანიზაციებს თაღლითობის პროგნოზირებასა და აღკვეთაში, თუმცა იგივე ორგანიზაციებს ეძლევათ საშუალება, თვითონვე განახორციელონ უკანონო ტრანზაქციები…
აქ კი, როდესაც ახალგაზრდა პროგრამისტმა გოგონამ დააფიქსირა თაღლითური სქემა მოქმედებაში, მაშინვე შეატყობინა კომპანიის ხელმძღვანელობას, რომელმაც, თავის მხრივ, ეს ამბავი ამცნო მაღალი რანგის კლიენტს… შემდგომ სქემა ბანალური დეტექტივის სიუჟეტით წარიმართა: გოგონა აიყვანეს „დამუშავებაში“ და ლიკვიდაცია გაუკეთეს, როგორც საშიშ მოწმეს…
ეს თემა აქ არ მთავრდება. ვაგრძელებთ გამოძიებას და უახლოეს მომავალში გაგაცნობთ დეტალებს საქმისა, რომელშიც გარეული არიან მაღალჩინოსანი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეები, ასევე ე.წ. „ელიტური“ საზოგადოების წარმომადგენლები. და, არა მხოლოდ საქართველოდან…
მადლობას ვუხდით ჩვენს კოლეგებს საერთაშორისო ექსპერტული თანამეგობრობიდან, ასევე რამდენიმე ქართველ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეს და ქართულ ორგანიზაციას გამოძიებაში გაწეული დახმარებისა და ინფორმაციული მხარდაჭერისათვის“.