ედუარდ კოკოითი ვიდეომიმართვას ავრცელებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს გადადგომისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან გავრცელებულ ვიდოემიმართვაში განაცხადა. კოკოითის თქმით, ბიბილოვმა საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.

 

„მოგმართავ თხოვნით. ეს არ არის ულტიმატუმი, ეს თხოვნაა. შენ ცდილობ, მიაღწიო, რომ მე სამხრეთ ოსეთში ვერ დავბრუნდე. შენ ეს არ გამოგივა. მე ვიქნები სამხრეთ ოსეთში. მაგრამ თუ შენ ამის ასე ძალიან გეშინია, სიტყვას გაძლევ: მე არ ჩამოვალ სამხრეთ ოსეთში, თუ შენ 31 აგვისტოს 12:00 საათზე გადადგები და შეწყვეტს ოსი ხალხის წამებას“, – აცხადებს კოკოითი ვიდეომიმართვაში.

ამავე დროს, კოკოითიმ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის ნათესავებსა და ახალგაზრდებს მოუწოდა, უარი თქვან სისხლიან შურისძიებაზე.

„ისინი, ვინც ეს საძაგელი დანაშაული ჩაიდინა, აუცილებლად დაისჯებიან“, – განაცხადა კოკოითიმ.

ედუარდ კოკოითის თქმით, მან შეცდომა ჩაიდინა 2011 წელს, როდესაც პოლიტიკურ არენაზე ანატოლი ბიბილოვი მოიყვანა და 2017 წელს, როდესაც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

„მე ვაღიარებ ამ შეცდომას ჩემი ხალხის წინაშე და დღეს მინდა გავაკეთო ყველაფერი, რომ ეს შეცდომა გამოვასწორო და არ დავუშვა ოსეთში სამოქალაქო ომი და სისხლისღვრა“, – განაცხადა კოკოითიმ.

კოკოითის განცხადებით, ის ჩრდილოეთ ოსეთში იმყოფება. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მისი ცხინვალის რეგიონში ჩასვლის დაბრკოლება არ არსებობს.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი არ შეუშვეს.

“1არხი”