თბილისში, კლინიკა „სითი მედიქალში“ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
საგამოძიებო მოქმედებები ერთ-ერთი პაციენტის ოჯახის წევრების მხრიდან ექიმების მიმართ პაციენტზე ძალადობასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებას უკავშირდება.
როგორც პაციენტის ოჯახის წევრები აცხადებენ, 77 წლის ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.
„როდესაც ქალიშვილმა ნახა, ჩალურჯებები ჰქონდა მკლავებიდან. სურათებიც გადავიღეთ და დავაფიქსირეთ, სადაც მთლიანად არის ჩალურჯებული ქალი. პირდაპირი მნიშვნელობით ძალადობა. საგამოძიებო უწყება თვითონ იყო შესული და აპირებენ ექსპერტიზას. ველოდებით ასევე კამერების გახსნას. ჩვენ არ გვიშვებენ ჯერ კამერებამდე. ტელეფონი არის დამტვრეული და ჩვენი ვარაუდია, რომ ცდილობდა ჩვენთან დაერეკა და მთელი ღამე გამოურთეს ტელეფონი, მისცეს შუადღისკენ.
უბრალოდ თვითონ არის მძიმედ და არ გვინდა მისი გადაყვანა-გადმოყვანა. ფილტვებით დაავადებულია, მაგრამ არც ერთ საავადმყოფოში, სადაც გვეწვინა აქამდე, ასეთი რამ არ მომხდარა. ექიმის ამოცნობა შეუძლია, კონტაქტურია. ვესაუბრე განყოფილების გამგეს, რომელიც ვერ უშვებს, რომ მსგავსი რამ მოხდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა; ქალი არის ჩალურჯებული. პერანგიც შემოხეული აქვს. ალბათ, რაღაც მოითხოვა და იფიქრეს მოხუცია და დავაწყნარებთო“, – განაცხადა პაციენტის რძალმა, რუსუდან ხარაბაძემ.
კლინიკის დირექტორი ნიკა მენთეშაშვილი პაციენტზე ძალადობის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ კლინიკის ექიმების უდანაშაულობას რეანიმაციულ განყოფილებაში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერებიც ადასტურებს.
ნიკა მენთეშაშვილის თქმით, ოჯახის წევრებს საშუალება ექნებათ, გამოძიების ფარგლებში კამერის ჩანაწერებს თავადაც გაეცნონ. ამასთან, 77 წლის ქალი კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს. როგორც სამედიცინო დაწესებულების დირექტორი აცხადებს, ოჯახის წევრებს მისი გადაყვანა სხვა კლინიკაში არ მოუთხოვიათ.
„პაციენტი პატრონებს გაუჩნდათ პრეტენზია, რომ ვითომ აქ რეანიმაციაში მოხდა პაციენტის ცემა, რაც თამამად და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ არის სიმართლე. საგამოძიებო სამსახურის ხალხი მოსულია. კამერებიდან აიღეს ჩანაწერები სრულად, წაიღებენ თვითონაც ნახავენ, ჩვენც ვნახეთ.
პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. შედარებით უკეთესად არის. თუ გამოიკვეთა ვინმეს ბრალეულობა უმკაცრესად დაისჯება ყველა, მაგრამ ასეთ პრეცედენტს ადგილი არ ჰქონია. პაციენტებიც გამოიკითხნენ; შვიდი პაციენტი გვიწევს კიდევ რეანიმაციაში, რომლებსაც შეეძლოთ დაენახათ რა მოხდა. მე თვითონაც ვუყურე ჩანაწერებს, იქ ვერაფერი ვერ დავინახე. სიმართლეს არ შეესაბამება ეს განცხადება. პაციენტი არის 77 წლის ადამიანი, რომელსაც უდგას ძალიან ბევრი წვეთოვანი და შეიძლება, სილურჯე გაუჩნდეს“, – განაცხადა ნიკა მენთეშაშვილმა.
პაციენტზე ძალადობის ფაქტს ასევე არ ადასტურებს „სითი მედიქალის“ რეანიმაციული განყოფილების უფროსი კობა ბალიაშვილი.
მისი თქმით, პაციენტს „ჟანგბადის უკმარისობის პრობლემა ჰქონდა, რამაც შესაძლოა, მისი მხრიდან შეუსაბამო მოვლენებზე საუბარი გამოიწვია“.
1tv.ge