“კორონათი” გაბრიყვებული მსოფლიო გონზე მოსვლას იწყებს – ისრაელის მაგალითი

ებრაელები სამართლიანად არიან მიჩნეულნი “ჭკვიან ხალხად”, თუმცა სისულელეები როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ დონეზე, მათაც ახასიათებთ. ასე მოხდა კორონავირუს “19”-ით გამოწვეული კრიზისის დროს, როდესაც ებრაულმა სახელმწიფომ – ისრაელმა, მსოფლიოს უამრავი ქვეყანასავით, საკუთარი თავის წინააღმდეგ “იმუშავა”.

სურათზე: პროფესორი რონი გამზუ

 

ახლა უკვე იწყება  იმის გაცნობიერება, რომ “კოვიდ 19”-ის გავრცელებით გამოწვეული ისტერიული რეაქცია, რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიო (ევროპაში – ბელარუსიის და შვედეთის გარდა), მათ შორის, ისრაელი, თავისივე ნებით ე. წ. ლოკდაუნში ჩააგდო, შეცდომა ყოფილა. შეცდომა, რომელიც ეკონომიკაზე მწარედ აისახა.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მთავრობამ გაზაფხულზე, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, დააწესა მკაცრი შეზღუდვები და, ქვეყანა, ფაქტობრივად, ჩაიკეტა, კორონავირუსის გავრცელება ოდნავადაც არ შეფერხებულა. პირიქით, ივლისის თვეში, ამ ცხელ ქვეყანაში ვირუსი კიდევ უფრო გავრცელდა.

ახლა ისრაელში ასეთი ვითარებაა: “კოვიდ 19”-ით ქვეყანაში სულ დაავადდა 113,5 ათასი ადამიანი, ანუ დაახლოებით, ყოველი მე-80 ისრაელელი. შედარებისთვის: იტალიაში ყოველი 228-ე მოქალაქე, ესპანეთში ყოველი 103-ე, ხოლო შვედეთში, რომელმაც არ შემოიღო შეზღუდვები, ყოველი 120-ე მოქალაქე. ვირუსით დაავადების ასეთი სიხშირე ისრაელში გამოწვეულია რელიგიურ ებრაელთა ძალზედ მჭიდრო განსახლებითა და მათი ცხოვრების სტილით – კორონათი დაავადებულების უმეტესი ნაწილი სწორედ ამ გარემოდანაა. ისრაელის ჯანდაცვის სისტემა, კორონაკრიზისით გამოწვეული დიდი წნეხის მიუხედავად, წარმატებით გაუმკლავდა და უმკლავდება ეპიდემიასთან ბრძოლას. ევროპის და ამერიკის ქვეყნებთან შედარებით, ისრაელის კლინიკები ბევრად უკეთ გამოიყურებიან. “თუკი მაინცდამაინც უნდა დაავადდეთ კორონავირუსით, უმჯობესია, ეს ისრაელში მოხდეს”– ასე უთხრა ადგილობრივ ჟურალისტებს ბეერ-შევას უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამული უზრუნველყოფის ფაკულტეტის პროფესორმა მარკ ლასტმა, რომელმაც კომპიუტერით მოდელირებული კვლევა ჩაატარა და აკეთებს პროგნოზს, რომ “კოვიდ 19”-ის გავრცელება ისრაელში წლის ბოლომდე ნულამდე დავა – თუკი სექტემბერში, ბიბლიური ახალი წლის ზეიმის გამო, არ მოხდება მასობრივი შეკრებები და ელემენტარული სანიტარული ნორმების დარღვევა.

პროფესორი ლასტიც ე. წ. კოლექტიურ იმუნიტეტზე საუბრობს, ე. ი. ვითარებაზე, როდესაც დაავადებულთა და გამოჯანმრთელებულთა მასა იმდენად დიდი იქნება, რომ გამოიწვევს ახალი დაავადებების რაოდენობის შემცირებას. შექმნილ ვითარებაში, – ვარაუდობს პროფესორი ლასტი, ერთი დაავადებული ერთ ჯანმრთელ ადამიანზე ნაკლებს დააავადებს და სწორედ ეს იქნება ეპიდემიის მოსპობის საფუძველი. “დაავადების გავრცელების შესამცირებლად არ არის საჭირო ლოკდაუნი, რადგან დაავადების გადადება ისედაც დაიწყებს კლებას” – ამბობს იგი.

თუმცა ეს მხოლოდ ერთი ცალკე აღებული პროფესორის მოსაზრება როდია. როგორც იქნა, მთავრობაში მიხვდნენ, რომ “ლოკდაუნი” ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ შველის, ხოლო ეკონომიკას სერიოზულ ზიანს აყენებს. ამიტომ, ისრაელში მოქმედმა სპეციალურმა შტაბმა – ე. წ. “კორონამთავრობამ”, მიიღო გადაწყვეტილება, დაეთანხმოს ცნობილ ეპიდემიოლოგს, პროფესორ რონი გამზუს მიდგომას, რომელიც ე. წ. “შუქნიშნის გეგმას” ითვალისწინებს. “შუქნიშნის” ფერებით იქნება დაყოფილი ქვეყნის ტერიტორია, სადაც წითელი ეპიდემიოლოგიურად საშიშ ადგილებს აღნიშნავს და სწორედ ეს ადგილები იქნება შეზღუდვების ობიექტი და არა მთელი ქვეყანა ერთდროულად. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ქვეყნის პრემიერმა და ჯანდაცვის მინისტრმა კატეგორიულად უარჰყვეს გამზუს გეგმა. ახლა, როგორც ვხედავთ, ისინი იძულებულნი გახდნენ, საკუთარი შეცდომა ირიბად ეღიარებინათ. არადა, მათ იცოდნენ, რომ გამზუ მართალია, თუმცა იმის გამო, რომ შეზღუდვები ძირითადად რელიგიურ ებრაელებით კომპაქტურად დასახლებულ სამოსახლოებსა და რაიონებს შეეხებათ, მათ პოლიტიკური მოტივებით თქვეს ამ გეგმაზე უარი (ისრაელში რელიგიურ პარტიებს მთავრობაზე საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ).

ასე და ამგვარად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გაზაფხულზე მთელ მსოფლიოში გამოცხადებული “ლოკდაუნი”, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომა იყო. მსოფლიო კრიზისით ვიღაც-ვიღაცებმა ხელი მოითბეს და ათეულობით მილიარდი დოლარი ასეულ მილიარდ დოლარად აქციეს, სამაგიეროდ, მთელ პლანეტაზე დიდი ზარალი ნახა ეკონომიკურად აქტიურმა საშუალო ფენამ, ა და, რა თქმა უნდა, დაზარალდნენ ისედაც ღარიბები და დაუცველები.

აქვე შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი ებრაელი ექიმი, პროფესორი იორამ ლასი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის “პირველი და მეორე ტალღები” არ არის რეალობასთან შესაბამისი ფაქტი და ხალხს სოციალური ქსელებით “ტვინები გამოურეცხეს”.