ვირა საღამოს ლონდონის თავზე გამოჩნდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც ორი გამანადგურებელი Typhoon–ი მიაცილებდა „პოტენციური საფრთხის“ გამო, იუწყება ბრიტანული გამოცემა Daily Mail–ი.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც ვენიდან (ავსტრია) მიფრინავდა ლონდონში, საბოლოოდ მშვიდობიანად დაეშვა, თუმცა მანამდე გამანადგურებლებმა რამდენჯერმე შემოუფრინეს აეროდრომს.
„კომპანია Ryanair–ის ეკიპაჟმა ბორტზე პოტენციური საფრთხის შესახებ მიიღო შეტყობინება“, — ციტირებს გამოცემა Ryanair–ის წარმომადგენლის სიტყვებს.
როგორც ირკვევა, ხომალდის კაპიტანმა საფრთხის თაობაზე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას აცნობა და კურსი ლონდონის სანსტედის აეროპორტისკენ აიღო. ამის შემდეგ ბრიტანეთის სამეფო სამხედრო–საჰაერო ძალების კონინგსბის ბაზიდან Typhoon–ის გამანადგურებლები აფრინდნენ სამგზავრო ლაინერის ჩასაჭერად.
თვითმხილველის თქმით, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი დაჯდა, შეიარაღებულმა პოლიციამ ალყა შემოარტყა ლაინერს და საპირფარეშოში მართლაც აღმოაჩინა „საეჭვო ნივთები“.
გარდა ამისა, როგორც ერთ–ერთი მგზავრი ქალბატონი ამბობს, სამართალდამცველებმა თვითმფრინავის ტუალეტის დათვალიერების შემდეგ ორი მამაკაცი ჩამოიყვანეს ბორტიდან. მედიის ინფორმაციით, იტალიელი 48 წლის და 34 წლის კუვეიტელი მამაკაცები ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილი.
ამ დროისათვის სხვა დეტალები უცნობია.
“სპუტნიკი”