მანამდე გოგონას სიკვდილის ფაქტი დაადასტურა როგორც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ისე სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზამ.
ახალგაზრდა გოგონამ, რომელიც ექიმებმა გარდაცვლილად მიიჩნიეს, დამკრძალავ ბიუროში თვალი გაახილა, იუწყება ტელეარხი WXYZ-TV.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დეტროიტში (აშშ) მოხდა.
ირკვევა, რომ ექიმთა ბრიგადა გასულ კვირას ერთ-ერთ ოჯახში გამოიძახეს 20 წლის ტაიმიშა ბოშამპის დასახმარებლად, რომელსაც სიცოცხლის ნიშნები აღარ ეტყობოდა. სასწრაფო დახმარების ექიმები ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდნენ გოგონას „გაცოცხლებას“, რომელიც, მაშველთა თქმით, აღარ სუნთქავდა. წარუმატებელი ცდების შემდეგ ექიმებმა გოგონა გარდაცვლილად გამოაცხადეს.
ამის შემდეგ „გარდაცვლილი“ გოგონას შესახებ სამედიცინო ინფორმაცია სასამართლო მედიცინის ექსპერტებს გადაეცათ, რომლებმაც ასევე დაადასტურეს ბოშამპის გარდაცვალება. იმის გამო, რომ ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის კვალი არ ჩანდა, ექსპერტებმა ის გაკვეთის გარეშე გადასცეს გოგონას ოჯახს, რომლებსაც თავად უნდა შეერჩიათ დამკრძალავი ბიურო.
სწორედ იქ გაირკვა, რომ ბოშამპი სულაც არ იყო მკვდარი.
„თვალები რომ არ გაეხილა, უკვე ბალზამირებას უკეთებდნენ – აი, რა არის ყველაზე საშიში, უდიდესი კოშმარი ადამიანისთვის… დამკრძალავ ბიუროში თანამშრომლებმა ცხედრის ტომრის შესაკრავი გახსნეს და იქ თვალებგახელილი გოგონა დაინახეს“, – ციტირებს ტელეარხი ოჯახის ადვოკატის ჯოფრი ფიჯერის სიტყვებს.
ადვოკატის თქმით, ის საათ-ნახევარი, რომელიც გოგონამ დაკარგა, შეიძლება მისი გამოჯანმრთელებისთვის კრიტიკული აღმოჩნდეს. მას არ დაუკონკრეტებია, რა მდგომარეობაშია ახლა ბოშამპი, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ გოგონა ცოცხალია და ამ დროისათვის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული.
წყარო: sputnik-georgia.com