აშშ-ის საელჩომ სასაზღვრო პოლიციას მობილური დაკვირვების სისტემები გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, მობილური დაკვირვების სისტემები გადაეცა.

შსს-ს ინფორმაციით, აღჭურვილობის გადმოცემის ცერემონია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ბაზაზე გაიმართა.

სპეციალური აღჭურვილობა სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ პირადად დაათვალიერა და მის შესაძლებლობებს გაეცნო.

მობილური დაკვირვების სისტემები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასაზღვრო მონაკვეთების კონტროლის შესაძლებლობებს, რაც, თავის მხრივ, დანაშაულების გამოვლენასა და აღკვეთას შეუწყობს ხელს.

ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი თემურ კუპატაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ბაკურ ელისაშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ქეთრინ შვაიზერი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი და DTRA-ს უფროსის მოადგილე, მაიორი ლარონ ბაიბი დაესწრნენ.

“იმედინიუსი”