ბათუმის ნებისმიერ პოლიკლინიკასა და ბულვარში არსებულ კარვებში PCR ტესტებს მსურველებს უფასოდ ჩაუტარებენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, გართულებული ვითარების გამო, ბათუმის ბულვარში მესამე კარავიც დაიდგმება, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება კორონავირუსზე PCR ტესტი უფასოდ ჩაიტაროს.

მისივე განცხადებით, დღეიდან ქალაქის ყველა პოლიკლინიკა უფასოდ მიიღებს ნებისმიერ მსურველს PCR ტესტირების ჩასატარებლად.

“მიმდინარეობს კონტაქტების გაფართოებული ძიება, ვისაც რისკის შემცველი შეხება ჰქონდა თითოეულ დადასტურებულ შემთხვევასთან. ამასთან, პირველი ღონისძიება და ყველაზე მეტად ეფექტური გახლავთ გაფართოებული ტესტირება.

 

მოგეხსენებათ, ბათუმის ბულვარში 2 კარავი წინა დღეებშიც მუშაობდა, დღეს დაემატება მესამე კარავი ანბანის კოშკთან, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიმართოს და ჩაიტაროს უფასო ტესტირება. ამასთანავე, დღეიდან ბათუმის ყველა პოლიკლინიკა უფასო PCR ტესტირების ჩასატარებლად ნებისმიერ მსურველს,”-განაცხადა ნონა ეფაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო “დონას” კლასტერიდანაა, 7 ინფიცირებულ პირებთან კონტაქტია, 4 შემთხვევა შემოტანილია (მათგან 2 მძღოლია), ხოლო 5-ის შემთხვევაში ინფიცირების წყაროს მოძიება გრძელდება.

 

“რუსთავი2”