დასაშვებია თუ არა დღეს 4-სულიანი ოჯახის 330 ლარად სრული ერთი თვის განმავლობაში შენახვა!?

ამა წლის აგვისტოს საქსტატის მონაცემების მიხედვით საქართველოში, საარსებო მინიმუმი ოჯახის ტიპების მიხედვით ასე გამოიყურება – ერთსულიანი – 165,3 ლარი; ორსულიანი – 264,4 ლარი, სამსულიანი – 297,5 ლარი, ოთხსულიანი – 330,5 ლარი, ხუთსულიანი 371,9 ლარი, ექვსსულიანი და მეტი – 439,6 ლარი. უშუალოდ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი კი 165,3 ლარია. ასეთია ოფიციალური მონაცემები, რაც აჩენს განცდას, რომ საქსტატის მთვლელები სრულიად აცდენილია რეალობას.

დასაშვებია თუ არა დღეს 4-სულიანი ოჯახის 330 ლარად სრული ერთი თვის განმავლობაში შენახვა და რატომ არის აცდენილი “საქსტატის” მთვლელი მოქალაქეების საფულის რეალურ სისქეს!?

რა სახის ცვლილებებია შესატანი მეთოდოლოგიაში საიმისოდ, რომ საქსტატის ამ მდგენელებმა რეალობა ასახოს – ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც წლების განმავლობაში ხშირად გვესმის. თუმცა, ცვლილებათა მოლოდინი კვლავ მოლოდინად რჩება ისე, როგორც საზოგადოების ცხოვრების დონეა უცვლელი. მეთოდოლოგიის ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი პაატა ბაირახტარი. ის აღნიშნავს, რომ ამგვარი გადანაწილება რეალური საარსებო მინიმუმის ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს, რაც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია.

საქართველოში პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისთვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს. საარსებო მინიმუმის არსებული მეთოდოლოგიით გამოთვლა საქართველოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული, “საქსტატი” კი ამ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ხელმძღვანელობს.

წყარო: cyc.ge