ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს პროცესი მინიმალური რისკებით ვმართოთ

დღეს გვყავს 38 ინფიცირებული, ალბათ, რეკორდული მაჩვენებელი. აქედან, ბათუმი არის 22, ერთი დაწესებულებიდან. რეალურად, ისე მიდის, როგორც ვპროგნოზირებდით და ვამბობდით – მობილობის ზრდასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს, მთავარი ამოცანა, ამ პროცესის მინიმალური რისკებით მართვაა.

„ყველაზე მთავარი არის ის, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება სასწავლო წელი. სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მობილობა კიდევ უფრო გაიზრდება, განსაკუთრებით, მსხვილ ქალაქებში. აქ, სრული მობილიზება მართებს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მუნიციპალიტეტებს, ეპიდემიოლოგებს, განათლების სამინისტროს, იმისთვის, რომ ეს პროცესი ვმართოთ მინიმალური რისკებით.

თუმცა, გასაგებია და ყველა ვხედავთ, რომ ეს ზომები, რომლებიც სამწუხაროდ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი გახდა – პირბადე, სოციალური დისტანცია და ა.შ. ამას ნელ-ნელა ხალხი ივიწყებს. ამიტომ, ამაზე გვჭირდება, ძლიერი საინფორმაციო ნაბიჯების გადადგმა და ეს, აუცილებლად უნდა მივიტანოთ ჩვენს მოსახლეობამდე, მოქალაქეებამდე, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ჩვენი თანამოქალაქეებისადმი. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პირბადე, სოციალური დისტანცია დახურულ სივრცეებში, სამწუხაროდ, არის აუცილებელი და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების თანმხლები, იმისთვის, რომ ეპიდემია ვმართოთ ისე ეფექტურად, როგორც აქამდე ვაკეთებდით და იმისთვის, რომ ეკონომიკას მივცეთ შესაბამისი აღდგენის შესაძლებლობა.

ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და აქ, სახუმარო არაფერი არ არის. ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გვაქვს პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე, პირველ რიგში, ბავშვების და შემდეგ უკვე ჩვენი ხანდაზმულების წინაშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 270-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 059 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

“იმედინიუსი”