სააკაშვილი ადრე თუ გვიან დაბრუნდება და მოიხდის სასჯელს ქართულ ციხეში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადრე თუ გვიან დაბრუნდება და მოიხდის სასჯელს ქართულ საპატიმროში – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის ყალბი ბოდიში, მოვისმინეთ, ის საუბრობდა მძიმე შეცდომებზე. რასაც ის მძიმე შეცდომებს უწოდებს, სამართლებრივ დონეზე ამას ჰქვია დანაშაული და მძიმე დანაშაული, რომლისთვისაც მას პირადად და მისი გუნდის არაერთ წევრს, არაერთი სასამართლო ინსტანციის მიერ საქართველოში აქვს მისჯილი სხვადასხვა საპატიმრო სასჯელი. შესაბამისად, რაც არ უნდა ზურიკელას დაშაქრული ენით გველაპარაკებოდეს მიხეილ სააკაშვილი და გვეუბნებოდეს, რომ დაბრუნდება და მალე მთელი ქვეყანა თვითონ იქნება, რა თქმა უნდა, ის ადრე თუ გვიან დაბრუნდება და მოიხდის სასჯელს ქართულ საპატიმროში, ქართული კანონის წინაშე. თუ კი ის წინასაარჩევნოდ დაბრუნდება, რა თქმა უნდა დაკავების პროცედურები შედგება საქართველო სახელმწიფო საზღვარზე. რაც შეეხება მის ექსტრადიციას ჩვენ მრავალჯერ, ჯერ კიდევ მთავარი პროკურატურის პირობებში, შემდეგ უკვე ახლა, როცა სრულიად დამოუკიდებელია სამინისტროსგან გენპროკურორი და პროკურატურა, ცდილობდნენ პროკურორები მის დაბრუნებას, თუმცა უკრაინის სახელმწიფომ არაერთხელ უმიზეზოდ უარი უთხრა საქართველოს სააკაშვილის ექსტრადიციაზე. თუმცა ახლა მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას აგდებენ, რომ მისი ადგილი უკვე აღარ არის უკრაინაში და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამიტომ ის საუბრობს საქართველოში დაბრუნებაზე, რადგან სხვაგან წასასვლელი აღარ აქვს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

“აიპრესი”