მირჩევნია ერთხელ და კომუნისტად დავიბადო, ვიდრე ასჯერ და “ნაცად”!

“ფეისბუკზეც“ და მის გარეთაც ჩემს მიმართ აქა-იქ გაისმის ბრალდებები იმაში, რომ მე, თურმე, რუსოფილი (რუსეთუმე) და საბჭოთაფილი ვარ. თავს ვალდებულად მივიჩნევ მოკლედ ვუპასუხო ამ ტიპის ბრალდებებსა და “კრიტიკოსებს” – სინამდვილეში “იარლიყების მიმწებებლებს” – რათა მომავალში აღარ დავუბრუნდე ამ უმადურ თემას.

1) მათი აზრით, მე რუსეთუმე ვარ, რადგან ვბედავ და ხმამაღლა ვამბობ (და არა მარტო ვამბობ, ვწერ კიდეც), რომ საქართველოსა და ქართველ ხალხს – თუ მას ამ მღვრიე სამყაროში გადარჩენა და მშვიდობიანი განვითარება სურს – რუსეთთან და რუს ხალხთან ურთიერთობის მოგვარების გარდა სხვა გზა არა აქვს. ალტერნატივა ამას როგორ არ გააჩნია – გააჩნია! ესაა საქართველოს ტერიტორიის საომარ პოლიგონად ქცევა და ჩვენი დაღუპვა (ღმერთმა ნუ ქნას!). კრიტიკულ ჟამს ვერავითარი ნატო ვერ გვიშველის! ჩვენი “მედასავლეთე პოლიტიკოსები” (ისიც მხოლოდ მათი ნაწილი) სავარაუდოდ მოასწრებენ თვითმფრინავში ჩაჯდომასა და გაქცევას, მაგრამ სხვები? ნუ კიდევაა რაღაც-რაღაცა წვრილმანები – მაგალითად, მიმაჩნია, რომ რუსი მწერლების კითხვა ქართულ თარგმანებში არაადეკვატური საქციელია, არ მძულს რუსები, მიყვარს და პატივს ვცემ მათ ენასა და კულტურას, მიმაჩნია, რომ პუტინის მთავრობას მაინც საბჭოთა მთავრობა სჯობდა და ა.შ.

2) მათი აზრით, საბჭოთაფილიც ვარ, რადგან ვბედავ და ხმამაღლა ვამბობ (და არა მარტო ვამბობ, ვწერ კიდეც), რომ საბჭოთა კავშირსა და სოციალისტურ წყობას, გარდა თანმდევი მინუსებისა, ჰქონდა თანმდევი პლიუსებიც. კერძოდ, არასოდეს ყოფილა საბჭოთა დროს (50-იანი წლების მეორე ნახევრიდან მაინც) მეცნიერი და ხელოვანი ადამიანი, განსაკუთრებით კი მწერალი, ესოდენ დამცირებული, დაჩაგრული, დაკნინებული და ოლიგარქების კეთილგანწყობაზე დამოკიდებული და მათი ხელში შემყურე, როგორც დღეს, ე.წ. “საბაზრო ეკონომიკის, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის” პირობებში. ადრე მას, ასე თუ ისე, ავად თუ კარგად, სახელმწიფოსა და საზოგადოებასთან ჰქონდა საქმე და მათგან ელოდა შექებასა თუ აუგს… აღარ ჩამოვთვლი ცნობილ და გრანდიოზულ აღმოჩენებს მეცნიერებაში თუ შედევრებს ხელოვნებაში, რაც მაშინ შეიქმნა და რომლების არათუ მიმსგავსებული, ოდნავ მიახლოებული მიღწევებიც კი, განვლილმა მეოთხედმა საუკუნემ ჩვენში ვერ მოიტანა (და, ალბათ, ვერც შემდგომში მოიტანს – ყველაფერი თუ ასე გაგრძელდა).

რაც კიდევ უფრო საკვირველი და საგულისხმოა, ამ ტიპის კრიტიკა მესმის არა მარტო “ნაცებისგან” (აქ ყველაფერი მეტ-ნაკლებად გარკვეულია), არამედ ვითომ დემოკრატიული აზროვნების ადამიანებისგან. არავის მინდა მივაყენო დაუმსახურებული შეურაცხყოფა, მაგრამ მსგავსი არაარგუმენტირებული იარლიყების მიწებება მოსალოდნელია ან ჭკუანაკლული იდიოტებისგან (რისაც, გითხრათ მართალი, არა მჯერა), ან სრული კონფორმისტებისგან და ფარული “ნაცებისგან” (ასეთები კი ბლომადაა განფენილი ყველა პარტიაში – “ოცნებიდან” ლიბერალურ-ინტელექტუალურ “რესპებამდე”).

იმასაც დავძენ, რომ ამ “კრიტიკოსების” უდიდესი უმრავლესობა შესანიშნავად გრძნობდა თავს სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ფრთებქვეშ და “იმ ცხრა წლის” განმავლობაში “ნაცებისა” და სააკაშვილის საწინააღმდეგო წკრუნიც კი მე მათგან, უმცირესი გამონაკლისების გარდა, არ მსმენია (ყოველ შემთხვევაში, დაწერილი, ჩამოყალიბებული და გამოქვეყნებული სახით).
დარჩა კიდევ გასული საუკუნის 80-90-იან წლებში სამუდამოდ ჩარჩენილთა და პრიმიტიული ნაციონალიზმით შეპყრობილთა მცირე ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც იმდენად პატიოსნები მაინც აღმოჩნდნენ და იმდენი სინდისი მაინც ეყოთ, რომ (მათი იდეური შეფებისგან განსხვავებით) “მიშისტურ სექტას” არა და არ შეუერთდნენ. მაგრამ ისინი დღეს აშკარა უმცირესობაა და მათ შესახებ აქ არ ვწერ. არ ღირს.

ჰოდა, რაც შეეხება ზემოთხსენებულ კონფორმისტებსა და “იარლიყების მიმწებებლებს” – როგორც ჩვენი სომეხი ძმები ასეთებზე ამბობენ – “აჩკიც ხერუ!”

 

გოგი ლორთქიფანიძე

P.S. კომპარტიის წევრი არასოდეს ვყოფილვარ და “რადიკალურ კომუნიზმში” ბევრი რამ მიუღებელია ჩემთვის, მაგრამ დიდი ისტორიული მიმდინარეობებისა და ადამიანების შეფასებისას მთავარი მაინც მოტივაცია მგონია. ამიტომ – სხვა არჩევანი რომ არ დამიტოვოს განგებამ – მირჩევნია ერთხელ და კომუნისტად დავიბადო, ვიდრე ასჯერ და “ნაცად”!