რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, იური შვიტკინის განცხადებით, „ნოვიჩოკს (ნივთიერებას, რომლითაც ალექსეი ნავალნი მოწამლეს) აშშ საქართველოს ლაბორატორიებში ამზადებს. ინფორმაციას ria ავრცელებს.
„მოდი, იქიდან გამოვიდეთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ასეთი ტიპის ქიმიურ ნივთიერებებს არ ვამზადებთ. რამდენადაც ინფორმაცია არსებობს, ასეთ იარაღს, ასეთ ქიმიურ, მომწავლავ ნივთიერებებს აშშ- ამზადებს საქართველოს ლაბორატორიაში და ასევე, თვითონ შეერთებულ შტატებშიც“, – განაცხადა შვიტკინმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, ნერვული აგენტით „ნოვიჩოკით“ არის მოწამლული.
ცნობისთვის, 20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს.
22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.
“პრაიმტაიმი”