იცოდით, რომ საქართველოს კანონმდებლობა ზოგიერთ მემკვიდრეს ავალდებულებს, დააბრუნოს ყველაფერი, რაც მემკვიდრეობით მიიღო, მათ შორის, ნაყოფიც და შემოსავალიც?
ხშირად მოქალაქეებმა არ იციან, რა განისაზღვრება მემკვიდრეობითი სამართლით, რომ გარდა ქონებისა, მათ მემკვიდრეობით მამკვიდრებლის ვალებიც გადაეცემათ. ასევე არ იციან მემკვიდრეების რიგითობა, ვინ არის უპირატესი. წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ზოგჯერ ის მოვალეა, დააბრუნოს ყველაფერი, რაც მემკვიდრეობით მიიღო.
არის შემთხვევები, როდესაც მამკვიდრებელს არ სურს თავისი ქონება დაუტოვოს იმ მემკვიდრეს, რომელიც მას სხვადასხვა ფორმით აყენებს შეურაცხყოფას. საქართველოს კანონმდებლობა ასეთი შემთხვევებისთვის ითვალისწინებს უღირსი მემკვიდრის ცნებას.
დღევანდელ სტატიაში შევეცდებით, განვმარტოთ, რა არის მემკვიდრეობა, ვის ეწოდება უღირსი მემკვიდრე და რა შემთხვევაში შეიძლება იქნეს პირი უღირს მემკვიდრედ ცნობილი.
რა არის მემკვიდრეობა (სამკვიდრო)
– ქონება, რომელიც თქვენ გრჩებათ მემკვიდრეობით, შეიძლება შედგებოდეს უძრავი და მოძრავი ნივთებისგან. ასევე, როდესაც გარდაცვლილს დარჩა შეუსრულებელი ვალდებულებები, სამკვიდრო ქონებასთან ერთად ეს ვალდებულებებიც თქვენზე გადმოვა.
მემკვიდრეობით არ გადმოგეცემათ პირადი ხასიათის ნივთები, უფლებები და მოვალეობები. მაგალითად, ალიმენტის ან პენსიის მიღების უფლება, საგვარეულო წიგნები (ან ჩანაწერები), ოჯახური მატიანე, სულის მოსახსენიებელი და სხვა საკულტო ნივთები, საფლავი. დოკუმენტაცია კი არ იყოფა და ის მამკვიდრებლის ოჯახს, ან მთელს სამკვიდროს რჩება საკუთრებად.
ვინ არის უღირსი მემკვიდრე?
გარდაცვლილი პირის ქონების გადასვლა მემკვიდრეებზე ხორციელდება კანონით ან ანდერძით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას. ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ. კანონის თანახმად, ეს გარემოებები სასამართლომ უნდა დაადასტუროს.
კანონით მემკვიდრეები ვერ იქნებიან, ასევე ის პირები, რომლებიც ბოროტად თავს არიდებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ერჩინათ მამკვიდრებელი. მოცემულ შემთხვევაშიც, რჩენაზე თავის არიდების ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებული უნდა იქნეს სასამართლო წესით.
პრაქტიკაში უღირსი მემკვიდრე მამკვიდრებლის ნების საწინააღმდეგოდ ცდილობს ანდერძზე ან სამკვიდროზე მის სასიკეთოდ ზემოქმედებას. მაგალითად, მემკვიდრე მამკვიდრებელს მუქარის სანაცვლოდ აიძულებს ანდერძში მისი სამკვიდროს წილი გაზარდოს.
მემკვიდრის უღირსად ცნობისთვის სამკვიდროთი დაინტერესებულმა ყველა პირმა, რომლის ქონებასაც გარკვეული ზიანი მიადგება/ან მიადგა უღირსი მემკვიდრის განზრახი ქცევით, უნდა მოითხოვოს სასამართლოს ძალით პირის უღირს მემკვიდრედ აღიარება.
რა ხდება პირის უღირს მემკვიდრედ ცნობის შემდეგ
სასამართლოს ძალით პირის უღირს მემკვიდრედ ცნობის შედეგად, იგი კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. შესაბამისად, უღირს მემკვიდრედ ცნობა პირისათვის მემკვიდრეობის უფლების დაკარგვას იწვევს. მემკვიდრეობის უფლების დაკარგვის შედეგად, მისი სამკვიდრო წილი გადანაწილდება სხვა თანამემკვიდრეებზე კანონით დადგენილი წესით.
პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პირის უღირს მემკვიდრეც ცნობა ხდება სამკვიდროს მიღების შემდეგ. ამ შემთხვევაში, იგი ვალდებულია დააბრუნოს ყველაფერი, რაც მემკვიდრეობის შედეგად მიიღო, მათ შორის, ნაყოფიც და შემოსავალიც.
თუ უღირს მემკვიდრეს აპატიეს…
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მამკვიდრებელმა უღირს მემკვიდრეს აპატია?
სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს უღირსი მემკვიდრის პატიებასაც. კოდექსის მიხედვით, პირი, რომელიც მხილებულია იმ მოქმედებათა ჩადენაში, რომლებიც მემკვიდრეობის უფლების დაკარგვას იწვევს, ამის მიუხედავად დაიშვება მემკვიდრედ, თუ მამკვიდრებელი აპატიებს მას და თავის ამ გადაწყვეტილებას აშკარა ფორმით გამოხატავს ანდერძში.
იმ შემთხვევაში, თუ მამკვიდრებლმა საკუთარი თავისუფალი ნების საფუძველზე აპატია უღირს მემკვიდრეს, მან აღნიშნულზე სათანადო განცხადება უნდა გააკეთოს ანდერძში, რის შედეგადაც მამკვიდრებელი კანონის ძალით იბოჭება და სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ეკრძალება პატიების უკან წაღება.
მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.
“სპუტნიკი”