„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინის განცხადებას, რომ მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებებს საქართველოსა და აშშ-ში ამზადებენ, არასერიოზულს უწოდებს. მისი თქმით, ფაქტი გამოძიებას საჭიროებს.
როგორც ის აღნიშნავს, რუსეთს არ ახარებს საქართველოს წარმატება და მსგავსი განცხადებებიც ამის შედეგია.
„რაც შეეხება რუსეთის ქმედებებს, ზოგადად, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ცალსახა და ეს პოზიცია არის ყველასთვის ცნობილი”,- განაცხადა კობახიძემ.
„სამწუხაროდ, რუსეთისთვის დეზინფორმაცია არის ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი. ბუნებრივია ამ დეზინფორმაციას ჩვენ დავუპირისპირებთ სიმართლეს“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი აცხადებს, რომ რუსეთი არ არის დაკავებული „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზე არსებობს. ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.
“აიპიენი”