შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული სამი ახალგაზრდა ქალი, რომელიც თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობენ, დამატებით ქირურგიულ ჩარევას ამ ეტაპზე არ საჭიროებენ. ამის შესახებ “ფორტუნასთან” კლინიკის ხელმძღვანელმა ისაუბრა. ლევან რატიანის განმარტებით, სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი თქმით, სამივე პაციენტი კონტაქტურია, აღდგენილია კიდურების მოძრაობაც.
“სამივეს მდგომარეობა არის სტაბილური, სამივესთან მყარდება ელემენტარული კონტაქტი. პაციენტების თერმოდინამიკა არის სტაბილური. სამივე იმყოფება ამ ეტაპზე ხელოვნური ვენტილაციის გამარტივებულ რეჟიმზე. იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში და მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ვიტალური პარამეტრები ამ ეტაპზე კორექციას არ საჭიროებენ. ნევროლოგიურად ჩაძახილზე რეაგირებენ, ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს, მოძრაობა კიდურებში აღდგენილია. ამ ეტაპზე ქირურგიულ ჩარევას არცერთი არ საჭიროებს. მათ სჭირდებათ რეაბილიტაციის დიდი და გარკვეული პერიოდი, მაგრამ იმედია, რომ ამ რეაბილიტაციის და გამოჯანმრთელების პერიოდს წარმატებით გავივლით”, – განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს, ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 3 მძიმედ დაშავდა. მიკროავტობუსი, რომლითაც ტურისტული კომპანია “თრეველერ ჯის” მიერ ორგანიზებული ტურის მონაწილეები მგზავრობდნენ, კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევას შსს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით იძიებს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.
წყარო: fortuna.ge