იქნება თუ არა უსაფრთხო ანძაზე სეირნობა და ქეიფი – რას ამბობენ ტელეანძის დირექტორი და მთავარი ინჟინერი!?

რამდენიმე წელიწადში თბილისის ანძა ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ჩვენს ქალაქში. ამის პირობა დედაქალაქის მერმა დადო. კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისის სატელევიზიო ანძაზე დაახლოებით 70 მეტრის სიმაღლეზე კვების ობიექტები და გადმოსახედები განთავსდება.

მოკლედ, ვისაც სიმაღლის შიში არ აქვს, თბილისის ლამაზი ხედებით დატკბობას თბილისის ანძიდან შეძლებს. ეს ადგილი ტურისტებისთვისაც მიმზიდველი იქნება.

მანამდე კი გავიხსენოთ ისტორია, რომელიც თბილისის ანძას უკავშირდება.

1956 წელს მთაწმინდის ზედა პლატოზე დამთავრდა სატელევიზიო ანძის მშენებლობა, რომლის სიმაღლე იყო 185 მეტრი. ის მაშინ ყველაზე მაღალი იყო მთელ საბჭოთა კავშირში.

1956 წლის 30 დეკემბერს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისის ტელეცენტრი და დაიწყო სატელევიზიო პროგრამების რეგულარული გადაცემა, რომელიც ცნობილი ქართველი კომპოზიტორის არჩილ კერესელიძის სიმღერით იწყებოდა.

1972 წელს მოხდა პირველი ანძის დემონტაჟი, რომელიც გორთან გადაიტანეს, ხოლო მის ადგილას თანამედროვე ანძა აშენდა. ინჟინერი იური გვილავა იყო, ანძის კონსტრუქცია კი ბორის ბუტინმა დააპროექტა.

მსგავსი ფორმის ანძა დგას ერევანსა და მოსკოვშიც.

ანძის დამპროექტებელი რამდენიმე წლის წინ თბილისში იყო და თქვა, რომ ანძა კარგ მდგომარეობაშია.

ანძის თანამშრომლები ამბობენ, რომ ქარის დროს ანძა 3-დან 5 მეტრამდე იხრება.

კონსტრუქტორი ამბობს, რომ ანძა კიდევ დიდხანს იდგება. მისი ექსპლუატაციის ვადა 100, 200 ან 50 წელი შეიძლება რომ იყოს.

რამდენად უსაფრთხო იქნება განახლებული თბილისის ანძა, ამის გასაგებად „ფორტუნა“ ტელერადიოცენტრის დირექტორს გია დეკანოსიძეს ესაუბრა.

რამდენად უსაფრთო იქნება თბილისის ანძაზე ვახშამი. რადიაციის მაღალი დონე ხომ არ იქნება, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის?

ეს წლების განმავლობაში ნამუშევარი თემაა. რადიაციის საფრთხე არ იქნება. ასეთი პროექტი მარტო საქართველოში ხომ არ არის. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი საქართველოში. მრავალია წელია ველოდებით ამ პროექტის განხორციელებას. დაახლოებით 20 წელია, რაც აქ ვმუშაობ და ამაზე საუბარი სულ იყო.

ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინ დარღვევა მოხდა ანძის შეღებვისას, როდესაც გადაწყდა, რომ წითელი ფერი იქნებოდა დომინანტი…

ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან დიდი დარღვევა იყო. ანძა თეთრი უნდა იყოს და წითელი მხოლოდ რამდენიმე რგოლი უნდა ჰქონდეს, იმისთვის, რომ საფრენი აპარატებისთვის შორიდან აღიქმებოდეს. 1976 წელს რომ შეიღება, თეთრის დომინირება იყო. ახლა როგორ გადაწყდება, ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. ამაზე შეთანხმება მოგვიანებით მოხდება. უნდა შეესაბამებოდეს ქალაქის განათებას, რომ უფრო ლამაზი გამოჩნდეს და უსაფრთხო იყოს.

პოსტსაბჭოთა ქვეყანაში რამდენმა ქვეყანამ გააკეთა იგივე არჩევანი, რამდენ ანძაზეა რესტორანი განთავსებული?

მოსკოვში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში. შესაძლობლობა თუ არის, ყველა ცდილობს, პანორამულად აქციოს ეს სეგმენტი. ანზაძე 30-დან 75 მეტრამდე ხდება რესტორნისა და გადმოსახედი სივრცის განთავსება.

მერიის ინიციატივის გაჟღერების შემდეგ ბევრს გაუჩნდა კითხვა გაუძლებს თუ არა ანძის კონსტრუქცია ცვლილებას.

„ფორტუნამ“ ამ კითხვით ბორის ადამიას, ტელეანძის ყოფილ მთავარ ინჟინერს და ამჟამად ტექნიკურ დირექტორს მიმართა.

კონსტრუქცია რამდენად გაუძლებს ასეთ ცვლილებას? ამბობენ, სააკაშვილსაც ჰქონდა ანძაზე რესტორნის გაეკთების გეგმა, თუმცა სპეციალისტებმა დადეს დასკვნა, რომ ამ ცვლილების განხორციელება საფრთხის შემცველი იყო.

არ მგონია ეს სწორი ინფორმაცია იყოს. თბილისის ანძაზე 42 წელია, ვმუშაობ და ასეთი რამე არ გამიგია. თქვენ თუ გაიგეთ, ეს ალბათ ცრუ ინფორმაციაა. ქალაქის მერიის სურვილია, რომ ანძა ასე შეიცვალოს, რისთვისაც კონსტრუქცია შემუშავდა და არის დიზაინური პროექტიც, რომელიც ესტონელებმა გააკეთეს. ტენდერში გათვალისწინებულია, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში მოხდეს მოკვლევითი სამუშაოები. ის საკითხები, რაც თქვენ დასვით, მოკვლევითი სამუშაოების მერე გადაწყდება. კონსულტაციები გაივლიან კიევის სიმანოვსკის სახელობის მეტალონაგებობათა საპროექტო ინსტიტუტში, სადაც ეს კონსტრუქცია გაკეთდა, მათთან შეთანხმებით უნდა მოხდეს ყველაფერი. ამას დაახლოებით წელიწადნახევარი დასჭირდება და ამის მერე გაეცემა იმ კითხვებს პასუხი, რომელიც თქვენ დასვით. ახლა დანამდვილებით პასუხს ვერავინ ვერ გვეტყვის.

მოკლედ, გვაქვს სურვილი, რომ თბილისის ანძა მართლა სჯობდეს ეიფელს. ამაზე დღეს ბევრს ეღიმება, მაგრამ ეიფელთან შეჯიბრი და რაც მთავარია, გამარჯვება, შეიძლება სულაც მხოლოდ დროის ამბავი იყოს.

წყარო: fortuna.ge