ჯანდაცვის სისტემაზე ხორციელდება კიბერშეტევა, რადგან ქვეყნის გარეთ წარმატებული საქართველო ვიღაცისთვის მიუღებელია

ალბათ, უცნაური არ არის, რომ სწორედ ჯანდაცვის სისტემაზე, ლუგარის ლაბორატორიასა და აი, იმ წარმატებულ სისტემაზე ხორციელდება კიბერშეტევა, რომელიც, როგორც ჩანს, ვიღაცას ქვეყნის გარეთ ხელს უშლის და აწუხებს, რადგან წარმატებული საქართველო ვიღაცისთვის მიუღებელია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„როდესაც ლუგარის ლაბორატორიას რუსული ძალები აკრიტიკებენ და ურტყამენ და ახლა ჯანდაცვის სიტემა არის ასეთი კიბერშეტევის მსხვერპლი, რა თქმა უნდა, ჩნდება ლეგიტიმური კითხვის ნიშნები და ამ კითხვის ნიშნებს გამოძიება გასცემს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ლუგარის ლაბორატორიასა და ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე კიბერთავდასხმა განახორციელეს.

შსს-ს ინფორმაციით, კიბერშეტევა 2020 წლის 1-ელ სექტემბერს განხორციელდა. მისი მიზანი კი ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

 

“რუსთავი2”