კოსტავას ქუჩაზე აფეთქება მოხდა: გარდაცვლილია ერთი, დაშავებულია ორი ადამიანი!

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, კლუბ “დეჟავუს” მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. ძლიერი აფეთქების ხმა რამდენიმე წუთის წინ გაისმა. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სამაშველო-სახანძრო, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. აფეთქების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა. ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი. აფეთქების შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი, რომელიც ამ დროისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

“ფორტუნამ” გაარკვია, რომ გარდაცვლილია მუშა, რომელიც გაყვანილობას აკეთებდა. ორი დაშავებულიდან კი ერთ-ერთი კლუბის მენეჯერია, რომელიც საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია.

ამ დროისთვის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. სავალი ნაწილი გადაკეტილია.

წყარო: fortuna.ge