რომან გოცირიძე – მოსკოვს ცრემლების არ სჯერა, მას მხოლოდ და მხოლოდ სანქციების ეშინია

მოსკოვს ცრემლების არ სჯერა, მას მხოლოდ და მხოლოდ სანქციების ეშინია, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევის ფაქტს.

 

როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა მხარემ რუსეთისთვის სანქციების დაწესება ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან მოითხოვოს. რომან გოცირიძეს თქმით, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით მმართველი გუნდის პოლიტიკა სიჩუმე და მორჩებაა.

„რუსეთისთვის დამახასიათებელია სახელმწიფო ტერორიზმი. მთავარი ოპონენტი ნავალნი მოწამლა და სასიკვდილოდ გაწირა. როგორც ჩანს, ევროკავშირი მიიღებს სანქციებს და სანქციის ერთ-ერთ ფორმად განიხილება გაზსადენის ჩრდილოეთ ნაკადის მშენებლობის შეჩერება. რუსეთს მხოლოდ და მხოლოდ სანქციების ეშინია. მოსკოვს ცრემლების არ სჯერა, რაც არ უნდა იწუწუნოს საქართველოს ხელისუფლებამ, თუ არ მოითხოვს მკაცრად, რომ დაისაჯოს რუსეთი და დაწესდეს მის წინააღმდეგ ეკონომიკური და ფინანსური სანქციები საქართველოსთან მიმართებით, როგორც უკრაინასთან დაკავშირებით ეს კეთდება”,- განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, რომან გოცირიძე გამოეხმაურა გაერო-ს რეზოლუციასაც და განაცხადა, რომ გაერო-ში საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ იზრდება, რაც “სტაგნაციის ნიშანია”.

„ცუდია, რომ არსებითად არ არის მხარდამჭერების მატება იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ტრადიციულად აძლევენ საქართველოს წინააღმდეგ ხმას გაერო-ში. ესეც ერთ-ერთი ნიშანია სტაგნაციის და ერთ ადგილზე ტკეპნისა. ვერ ხერხდება დიპლომატიური გარღვევა იმ მიმართულებით, რომელსაც აკონტროლებს რუსეთი.

რუსეთის ზეწოლითა და დავალებით გამოდიან საქართველოს წინააღმდეგ გაერო-ში ამ რეზოლუციის მიღებისა და კენჭისყრის პროცესში”,- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”. მიმდინარე წელს რეზოლუციის მხარდამჭერი 84 სახელმწიფოა.
“აიპიენი”