რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 13 პირი დააკავა, რომლებიც მასობრივ მკვლელობებს გეგმავდნენ

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ქვეყნაში დაგეგმილი მასობრივი მკვლელობები აღკვეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, დაკავებულია 13 ადამიანი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ძალოვანი სტრუქტურების შენობებსა და ხალხმრავალ ადგილებში თავდასხმების განხორციელებას გეგმავდა.

„ამოღებული პირადი დღიურები და საკომუნიკაციო საშუალებები ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები დანაშაულის ჩადენას და თავდასხმების განხორციელებას გეგმავდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ძალოვანი სტრუქტურების შენობებსა და ხალხმრავალ ადგილებზე“, – აღნიშნულია ФСБ-ს ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, დაკავებულების უმეტესობა ერთ-ერთი დახურული ინტერნეტ ჯგუფის წევრია და დანაშაულის ჩადენისკენ სხვა ინტერნეტ მომხმარებლებსაც მოუწოდებდა.

„აღნიშნული 13 პირიდან 11 ერთ-ერთი სოციალური ქსელის დახურული ინტერნეტ ჯგუფის წევრია. ისინი დანაშაულის ჩადენისკენ ინტერნეტის სხვა მომხმარებლებსაც მოუწოდებდნენ“, – ნათქვამია უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ამოღებულია კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები, ასევე სანადირო, არალეტალური და ცივი იარაღი.

“აიპიენი”