4 სექტემბერს, ფილარმონიასთან მომხდარ აფეთქებას 26 წლის ახალგაზრდა, გიგა გრიგალაშვილი ემსხვერპლა. სამწუხაროდ, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა და მისი გადარჩენა ვერავინ შეძლო.
ამ დრომდე კლინიკაში რჩება ორი დაშავებული, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაშია. გიგა გრიგალაშვილი ჟურნალისტ ნინო ომანაძის ძმისშვილი აღმოჩნდა. ნინომ მისი ფოტოები თავის “ფეისბუქგვერდზე” გამოაქვეყნა. გიგა დაოჯახებული იყო, მას მეუღლე და პატარა შვილი დარჩა. როგორც შევიტყვეთ, გიგა გრიგალაშვილი “მისტერ მასტერში” მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის და მისი თანამშრომლები კლუბ “დეჟავუში” კონდინციონერს ამონტაჟებდნენ და სწორედ ამ დროს აფეთქდა ჟანგბადის ბალონი. მთელი დღე სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ და ტრაგედიის მიზეზებს არკვევდნენ. გამოძიება უკვე დაწყებულია. გიგა გრიგალაშვილი თავდაცვის სამინისტროს პრესამსახურის თანამშრომლის, ხათუნა ნოზაძის თანაკლასელის შვილი აღმოჩნდა. როგორც შევიტყვეთ, მისგან გაიგო ოჯახმა ეს საშინელი ამბავი.
ხათუნა ნოზაძე:
– შოკში ვარ, იმის დაჯერება მიჭირს, რომ 26 წლის ულამაზესი ბიჭი ცოცხალი აღარ არის. თქვენ არ იცით, როგორი ახალგაზრდა დაკარგა ქვეყანამ. ძალიან ნიჭიერი, სიცოცხლით სავსე, მშრომელი, თბილი და გამორჩეული ახალგაზრდა.
ტელევიზიით როცა გავრცელდა შემთხვევის ადგილის კადრები და ითქვა აფეთქება მოხდაო, ამ კადრებში დაინახეს ოჯახის წევრებმა გიგას მანქანა. მას მერე ყველგან ეძებდნენ, მაგრამ ვერსად პოულობდნენ. გიგას მამიდამ, ნინომ დამირეკა, – კადრებში ჩანს გიგას მანქანა და ბავშვს ვერსად ვპოულობთ, იქნებ დამეხმარო გარკვევაშიო. ტიროდა, დაჭრილებში არ არის გიგა, მისი ძმაკაცები არიანო…
გადავრეკე და ჯერ მითხრეს 23 წლის არისო, მივწერე ნინოს, მგონი, გადავრჩით-მეთქი, მაგრამ მალევე მომწერეს 26 წლის ახალგაზრდა, გვარად, გრიგალაშვილი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროშიო. საშინელ დღეში ჩავვარდი, დედამისს ამ ამბავს ვერ ვეტყოდი და იძულებული გავხდი მამიდისთვის მეთქვა, ჩემგან გაიგო ნინომ, რომ მისი უთბილესი ძმისშვილი ცოცხალი აღარ იყო. დღემდე შოკში ვარ. ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მამიდას და ძმისშვილს, ყველა განადგურებულია. საშინელი ამბავი მოხდა. ულამაზესი ბიჭი იყო გიგა.
იმედია, გაირკვევა რა მოხდა და რას შეეწირა, მაგრამ რა უნდა ქნას დედამ, ოჯახმა?!
თქვენ არ იცით, რა სიმწრით გაზარდა შვილები დედამისმა. მეუღლეს გაცილებულია და სამი ვაჟკაცის გაზარდა და ფეხზე დაყენება ადვილი არ არის. გიგა უფროსი შვილი იყო. “მისტერ მასტერში” მუშაობდა, ნულიდან დაიწყო ცხოვრება, თბილისში ბინა იყიდა, ცოლი შეირთო, შვილი ჰყავდა და ბედნიერად ცხოვროდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული და კარგი მოსწავლე იყო, შრომას არასდროს თაკილობდა. თავისით მიაღწია ყველაფერს. საუკეთესო შვილი, საუკეთესო ადამიანი, ჩამოყალიბებული კაცი იყო. ჩვენთვის უცნობია, იქ რა მოხდა, იმედია, გაირკვევა, მაგრამ ეს ვერანაირი ნუგეშია დედისთვის… ბორჯომში ცხოვრობს მისი ოჯახი, არ ვიცი, როგორ უნდა მივუსამძიმრო დედამისს. ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა მოხდეს. მეუღლე ბორჯომელი ჰყავს, იქ ყოფილა დედამისთან, როცა ეს უბედურება მოხდა. ამბობდა თურმე, – გული ცუდს მიგრძნობსო. ისეთი სიყვარული ჰქონდათ, ლეგენდები დადის მათ სიყვარულზე. აღმერთებდა გიგა თავის ცოლს, ბედნიერები იყვნენ და უცებ ამხელა ტრაგედია.”
“akhalitaoba.ge”