აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.
ხვალ დილიდან, ტელევიზიაში ეპიდემიოლოგები დაიწყებენ პროტოკოლით დადგენილი სამუშაოების განხორციელებას.
თუ რა რეჟიმში განაგრძობს ტელევიზია მაუწყებლობას სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 9 საკონდიტრო „დონას“ კლასტერის კონტაქტია. გარდა ამისა, 1 კოვიდინფიცირებული მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრია, 1 – საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, 2 – აქამდე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრები არიან.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულია 58 პაციენტი. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი.
4 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 28 ადამიანს გამოუვლინდა, გამოჯანმრთელდა 15.
სულ, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 1596, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1294, გარდაცვლილი – 19. კარანტინის რეჟიმში – 6250, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
“იმედინიუსი”