ევროკავშირი შეერთებულ შტატებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლებისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
ევროკავშირმა აშშ-ის ნაბიჯს სანქცირების შესახებ “მიუღებელი და უპრეცენდენტო” უწოდა.
“შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული სანქციები მიუღებელი და უპრეცედენტო ზომებია, რაც სასამართლოს გამოძიებისა და სასამართლო წარმოების შეფერხებისკენ არის მიმართული”, – ნათქვამია განცახდებაში, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელის სახელით გავრცელდა.
“სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უნდა შეეძლოდ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მუშაობა, გარე ჩარევების გარეშე. შეერთებულმა შტატებმა უნდა გადახედოს საკუთარ პოზიციას და გააუქმოს მიღებული ზომები. დაუსჯელობა არასდროს უნდა იყოს განხილვის საგანი”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ, 03 სექტემბერს, შეერთებულმა შტატებმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს ფატუ ბენსუდას და იურისდიქციის, კომპლემენტარობისა და თანამშრომლობის განყოფილების უფროსს, ფაკისო მოჩოჩოკოს სანქციები დაუწესა.
სანქციები მოჰყვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ივნისში ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც შესაძლებელი გახდა ეკონომიკური სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესება სასამართლოს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ გამოძიებაში, ჩაიდინეს თუ არა ამერიკულმა ძალებმა ავღანეთში სამხედრო დანაშაულები.
შეერთებულმა შტატებმა, რომელიც არ არის საერთაშორისო სასამართლოს წევრი და არ ცნობს მის უფლებამოსილებას, სასამართლოს “კორუმპირებული”, “უკიდურესად არაეფექტური” და “ძალიან პოლიტიზირებული” უწოდა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სასამართლო დაადანაშაულა “იდეოლოგიურ ჯვაროსნულ ლაშქრობაში ამერიკული სამსახურის წევრების წინააღმდეგ”.
შეერთებულ შტატებს დაწესებული სანქციების გაუქმებისკენ საფრანგეთმაც მოუწოდა.
წყარო: ghn.ge