ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული შუახნის მამაკაცი სოფელ ასკანის მკვიდრია. ამის შესახებ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ქუტიძემ განაცხადა.
არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულს ჩოხატაურში მცხოვრებ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები სოფელ ასკანაში არსებულ ვითარებას ადგილზე შეისწავლიან.
ეს გურიაში დაფიქსირებული კორონავირუსის მეორე შემთხვევაა. პირველი 4 სექტემბერს ჩოხატაურში დაფიქსირდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 302-ს შეადგენს.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
“იმედინიუსი”