რა უფრო გამაოგნებელია გერმანელების მიერ შემოთავაზებულ ლეგენდაში ნავალნის მოწამვლის შესახებ- ირინა ალქსნისი

 

ბერლინმა მაინც მოახერხა რუსეთის გაოცება — და არა მარტო მისი. გერმანიის მთავრობის განცხადებამ, რომ ბუნდესვერის ლაბორატორიამ, რომელიც ალექსეი ნავალნის ანალიზების ტოქსიკოლოგიურ კვლევას ატარებდა კლინიკა „შარიტეს“ დავალებით, „ნოვიჩოკის“ კვალი აღმოაჩინა, ბევრი აღაფრთოვანა.

 

ირინა ალქსნისი

ეს პირველი შემთხვევაა თანამედროვე ისტორიაში, როდესაც დიდი „დერჟავა“ საერთოდ არ ცდილობს შენიღბოს თავისი სიცრუე.

ბოლო ორიოდე ათწლეულის მსოფლიო ისტორიამ სრულიდ დაარღვია წარმოდგენა, რომ პირდაპირი ტყუილი — ეს ცუდი ტონია იმ  სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ეშმაკობა, თავის დაძვრენა, ჩახლართული რიტორიკული კონსტრუქციების გამოყენება, მაგრამ ერთმნიშვნელოვან ტყუილს ერიდებიან. არ ერიდებიან მხოლოდ მაშინ, როცა ეს მათ ხელს აძლევს.

და მაინც, თამაშის წესები აქამდე მოითხოვდა, რომ ტყუილი რამდენადმე დამაჯერებელი ყოფილიყო — სპეციალისტებისთვის თუ არა, საზოგადოებისთვის მაინც. სწორედ ამიტომ იქცა ქრესტომათიულად კოლინ პაუელის სინჯარის ისტორია: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, სადამ ჰუსეინს ბიოლოგიური იარაღის საწამოებლად ბორბლებიანი და რელსებიანი ქარხნები ჰქონდა, და ამ სიტყვების დასტურად ხელში რაღაც ფხვნილიანი სინჯარა ეჭირა. და მსოფლიომ მას დაუჯერა.

სკრიპალების მოწამვლა კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა შოუს მაყურებლისთვის. სანამ სპეციალისტები ბრიტანელების ვერსიებში შეუსაბამობებზე მიუთითებდნენ, ფართო მასები სკაფანდრებში გამოწყობილ კრიმინალისტებს, ქალაქის შემოსაზღვრულ სივრცეებს, სახლების ნგრევასა და საავადმყოფოებში მოხვედრილ ადამიანებს ადევნებდნენ თვალს. ევროპის ცენტრში ქიმიური თავდასხმის სურათი მეტად დამაჯერებლად გამოიყურებოდა ჰოლივუდური ფილმ–კატასტროფების მოყვარული მსოფლიოსთვის.

ახლა კი სცენაზე გერმანია გამოვიდა და ნავალნის მოწამვლაზე ასეთი ვერსია გამოსცა, რათა თვით ყველაზე მიამიტმა და მიმნდობმა ადამიანმაც კი, რომელსაც იოტისოდენი შეხებაც კი არ აქვს ქიმიასთან, მედიცინასა და კრიმინალისტიკასთან, სრული დარწმუნებით შეძლოს თქვას: „არ მჯერა!“

ძნელი სათქმელია, რა უფრო გამაოგნებელია გერმანელების მიერ შემოთავაზებულ ლეგენდაში: ის, რომ სუპერმომაკვდინებელი საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერება ერთი მეორის მიყოლებით უშვებს შეცდომას რუსეთის ხელისუფლებისთვის არასასურველი ადამიანების მკვლელობის მცდელობისას, მაგრამ მის გამოყენებას მაინც განაგრძობენ; ის, რომ „ნოვიჩოკი“, რომლის გამოც ლამის ნახევარი სოლსბერი დაანგრიეს, ნავალნის წინააღმდეგ თვითმფრინავში გამოიყენეს და ამას არანაირი ზემოქმედება არ მოუხდენია სხვა მგზავრებზე თუ ექიმებსა და სხვა ადამიანებზე, რომლებსაც მასთან კონტაქტი ჰქონდათ; თუ ის, რომ რუსეთმა ბლოგერი საზღვარგარეთ სამკურნალოდ იმიტომ გაუშვა, რომ გარანტირებულად გაეყო თავი მორიგ საერთო სკანდალში, როცა საწამლავს აღმოაჩენდნენ.

არც პროფესიონალები დუმან. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ მოწამვლის კლინიკური სურათი ისეთი არ არის, „ნოვიჩოკი“, პრინციპში, არ არსებობს, ხოლო ბერლინი ჯიუტად არიდებს თავს თანამშრომლობასა და ინფორმაციის წარმოდგენას, რაც მათ მიერ გაკეთებული განცხადებების ვერიფიკაციის საშუალებას გააჩენდა.

მოკლედ, გერმანიამ ისე გაახმაურა ყველასთვის აშკარა ტყუილი, რომ არც კი შეეცადა სიმართლისთვის მიემსგავსებინა იგი.

ეს ბადებს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას: რატომ მოიქცნენ სწორედ ასე? ხომ შეიძლებოდა, უფრო დახვეწილად ემოქმედათ?

ზედაპირზე დევს ყველაზე მარტივი პასუხი: მოსალოდნელია ახალი სანქციები.

რუსეთი უკვე მიეჩვია, რომ მას განურჩევლად სდებენ ბრალს ყველაზე საშინელ დანაშაულებში ახალი შეზღუდვების მისაღებად. არანაკლებ ჩვეული გახდა ის, რომ ეს შემზღუდველი ზომები უპირატესად „კოსმეტიკური“ ხასიათისაა.

თუმცა, შესაძლოა, რომ ახალი ისტორია გამონაკისი გახდეს, რამდენადაც გერმანიას აქვს მართლაც მტკივნეული სასჯელი რუსეთისთვის — პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დახურვა. ეს თემა მყისიერად გაახმოვანეს როგორც ამერიკელმა, ისე გერმანელმა პოლიტიკოსებმა, როგორც კი ნავალნის მოწამვლის ამბავი გახდა ცნობილი.

უფრო მეტიც, მომხდარი შესაძლოა მიანიშნებდეს იმაზე, რომ შტატებმა მაინც მიაღწიეს თავისას და აიძულეს გერმანიის ხელისუფლება, უარი თქვას გაზსადენის მშენებლობაზე. სწორედ ამიტომ ოპერაცია „ნოვიჩოკი-2“ ხაზგასმით გამოჩორკნილად ხორციელდება, რათა ყველა მიხვდეს, რომ საქმე ბლოგერის მოწამვლა კი არ არის, არამედ ვაშინგტონის დიდი გეოპოლიტიკური გამარჯვება.

ეგაა მხოლოდ, რომ ბერლინში ძველებურად აცხადებენ, რომ ნავალნის საქმეს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საქმისგან მიჯნავენ.

გამოდის, რომ ბუნდესვერის ქიმიკოსების მიერ გამოცხადებული ფანტასტიკური შედეგი ასახავს არა იმდენად „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გადაწყვეტილ ბედს, რამდენადაც გერმანიის ელიტის შიგნით მიმდინარე ბრძოლას — ეროვნულად ორიენტირებულ და პროამერიკულ მხარეებს შორის. სხვათა შორის, აშშ-თან ნატოს სტრუქტურებით დაკავშირებული გერმანელი სამხედროები უფრო მეორე მხარეს განეკუთვნებიან.

ხოლო ბოლო მოვლენების მაქსიმალური აბსურდი ხელს იმ ძალებს აძლევს, რომლებიც გერმანიის სუვერენიტეტს და მისი თვითგამორკვევის უფლებას იცავენ — ოკეანის გაღმიდან მითითებების გარეშე. რადგან შიდა მოწინააღმდეგეებისთვის შეპასუხება არ გამოდის, ინიციატივის დასწრება და პროცესის სასურველ შედეგამდე მიყვანაა საჭირო.

გამოვა თუ არა, ამას უახლოესი მომავალი გვაჩვენებს.

“სპუტნიკ-ჯორჯია”