რუსეთის მხრიდან ოკუპაცია თუ გაგრძელდა, იძულებული ვიქნებით, გადარჩენისთვის ჩვენს ტერიტორიაზე განვალაგოთ აშშ-ის სამხედრო ბაზები, კოსმოსურ ბირთვული შეიარაღებით- შალვა ნათელაშვილი

რუსეთის მხრიდან ოკუპაცია თუ გაგრძელდა, იძულებული ვიქნებით, გადარჩენისთვის ჩვენს ტერიტორიაზე განვალაგოთ აშშ-ის სამხედრო ბაზები, კოსმოსურ ბირთვული შეიარაღებით, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

ნათელაშვილის თქმით, მას რუსეთის ფედერაციასთან კარგი ურთიერთობა სურს, თუმცა ეს მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემთხვევაშია შესაძლებელი.

ამასთან, ნათელაშვილმა რუს პოლიტიკოსებთან დებატებისთვის მზადყოფნა დააფიქსირა.

„თუ ვინმეს უნდა რუსეთის ფედერაციასთან კარგი ურთიერთობა, სტაბილიზაცია, ერთ-ერთი პირველი ვარ მე, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ოკუპანტი რუსეთის შეიარაღებული ძალები დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, ხოლო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაუბრუნდება დედა საქართველოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი დიდხანს არ გეყოლებათ, მაქსიმუმ ორი თვე დარჩა. შემდეგ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მოლაპარაკებები თუ არ დაიწყო, თუ გაგრძელდა ჩვენი ტერიტორიების გადახვნა, შემოღობვა, ოკუპირება, ადამიანების გატაცება, მკვლელობა, წამება და დაჭრა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იძულებული ვიქნებით, გადარჩენისათვის საქართველოს ტერიტორიაზე განვალაგოთ აშშ-ის სამხედრო ბაზები, კოსმოსურ ბირთვული შეიარაღებით. შემდეგ ნუ დაიწყებენ მოსკოვში უაზრო ჩხავილს. დააბრალონ საკუთარ თავს. თუ ბატონ და ქალბატონ დეპუტატებს, რუს პოლიტიკოსებს ჩემთან დებატები და პოლემიკა სურთ, მზად ვარ, მათ შევხვდე ნებისმიერ მოედანზე, ნებისმიერ ადგილას და მათ შორის მოსკოვშიც. ოღონდ იმედია, პოლონიუმს და „ნოვიჩოკის“ ჩაის არ დამალევინებენ, თუმცა არც მაგის გვეშინია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის თქმით, მის წინა განცხადებას იმის თაობაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის ბაზებზე ქართული დროშები აფრიალდება, მოსკოვში ისტერიკა მოჰყვა.

„ჩემს წინა განცხადებას იმის თაობაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის ბაზებზე ქართული დროშები აფრიალდება, მოსკოვში პირდაპირი გაგებით ისტერიკა მოჰყვა, ისეთი, როგორიც არ ყოფილა ჰიტლერის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის დღესაც კი. განცხადებები გააკეთეს თავდაცვის სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო სათათბირომ, ფედერაციის საბჭომ, სტრატეგიულმა ცენტრებმა, პუბლიცისტებმა და ჟურნალისტებმა. მათი განცხადებები არის აგრესიული, მუქარით სავსე, არაკეთილგანწყობილი. მინდა, მათ პირდაპირ ვუთხრა: არავის არ ეშინია თქვენი. შეაშინეთ ის, ვინც შეგიშინებიათ სოლოლაკში, თქვენი მონა, რომელმაც საქართველო და მათ შორის, თქვენთან ურთიერთობაც აქამდე მიიყვანა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

“1 არხი”