დავა “ლიდერფუდში“ 50%-იანი წილის სასამართლო განხილვის გარეშე ირაკლი დუმბაძისთვის მიკუთვნების შესახებ დასასრულს უახლოვდება. 8 სექტემბერს უზენაესი სასამართლო განიხილავს დავით ზეიკიძის საკასაციო სარჩელს, რომლითაც იგი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და არსებითი განხილვისთვის საქმის პირველი ინსტანცისთვის დაბრუნებას ითხოვს.
გადამწყვეტი სასამართლო სხდომის წინ დავით ზეიკიძის ადვოკატებმა არჩილ კბილაშვილმა და შოთა გენგაშვილმა სპეციალური პრეს-კონფერენცია გამართეს.
კბილაშვილის თქმით, დუმბაძის მხარის წარმომადგენლების მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომ დუმბაძის წინააღმდეგ დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებენ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა. კბილაშვილი ამბობს, რომ დუმბაძის მტკიცება თითქოს ზეიკიძე მასზე შანტაჟითა და მუქარით ცდილობს ზემოქმედებას, მხოლოდ იმას ემსახურება, რომ საზოგადოების ყურადღება ამ ხმამაღალი განცხადებებით მიიქციოს და რეალურად კი მიჩქმალოს მის მიერ ჩადენილი მთელი რიგი დანაშაულები.
კბილაშვილის თქმით, ამ პრესკონფერენციის მიზანი მხოლოდ „ლიდერფუდის“ საქმის დეტალების შეხსენება არ ყოფილა. „საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ის რელობა, რაც ბოლო პერიოდში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებით გამოიკვეთა. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ირაკლი დუმბაძეს დავით ზეიკიძის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მიტაცება უმტკიცდება“ – განაცხადა კბილაშვილმა.
დავით ზეიკძის მეორე ადვოკატმა, შოთა გენგაშვილმა, მედიას წარმოუდგინა მიმდინარე გამოძიების ის დეტალები, რაც ირაკლი დუმბაძის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ადასტურებს.
“როდესაც დავით ზეიკიძემ ლიდერი-ფუდის 100% წილი თავის სახელზე გადმოიფორმა და მას შემდეგ ირაკლი დუმბაძე საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან წავიდა, ზეიკიძემ საწარმოს საქმიანობის შემოწმება დაიწყო. შემოწმების შედეგად დიდი ოდენობით თანხების დატაცება და მრავალი სხვა ფინანსური დარღვევა გამოვლინდა.
გამოირკვა, რომ დავით ზეიკიძის მიერ საწარმოსთვის სხვადასხვა დროს მიწოდებული 82,000 ევრო და 890,000 აშშ დოლარი დუმბაძის მიერ არასწორი ბუღალტრული გატარებების შედეგად, საწარმოში შევიდა, როგორც თითქოს მის მიერ შეტანილი თანხები. აუდიტორული შემოწმებით დადასტურებული ფაქტია, რომ დუმბაძემ 2017 წლის მაისიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით, საწარმოდან დაუსაბუთებლად გაიტანა ამ თანხების დიდი ნაწილი, – კერძოდ, 1,803,492.27 ლარი ამჟამად ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
გარდა ამისა, 2016 წლის საანგარიშო პერიოდში, ირაკლი დუმბაძემ ლიდერი-ფუდის სალაროდან გაიტანა საწარმოს კუთვნილი თანხა 1,439,800 ლარი, რომელიც საწარმოს ბუღალტერთან შეთანხმებით არ ასახა კომპანიის ბუღალტერიაში და არც ამ თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოუდგენია. აღნიშნულის თაობაზეც ასევე მიმდინარეობს გამოძიება.
გარდა ამისა, 2017 წლის საანგარიშო პერიოდში, ირაკლი დუმბაძემ სალაროდან გაიტანა საწარმოს კუთვნილი თანხა 4,509,852 ლარი, თუმცა კომპანიის საბუღალტრო მონაცემებში აღნიშნული ოდენობის თანხიდან ირაკლი დუმბაძეზე გაცემულად ნაჩვენებია 1,396,788,42 ლარი, ამდენად სხვაობა 3,113,063.08 ლარი მითვისებულია ირაკლი დუმბაძის მიერ, რამდენადაც ამ თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები კომპანიაში არ ყოფილა წარმოდგენილი.
კიდევ სხვა შემთხვევა არის ის, რომ შპს „ლიდერი-ფუდის“ მთავარმა ბუღალტერმა ვლადიმერ გაბრიჭიძემ, რომელიც ირაკლი დუმბაძის დანიშნული პირი იყო, საწარმოს ანგარიშიდან პირად ანგარიშზე თანხების გადარიცხვის გზით მიითვისა საწარმოს კუთვნილი 2,158,682.57 ლარი. აღნიშნული მითვისება წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ამჟამად ვლადიმერ გაბრიჭიძე დამნაშავედ არის ცნობილი შპს “ლიდერი-ფუდის“ კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების ფაქტზე.
ცალკე საქმედ არის გამოყოფილი და მიმდინარეობს გამოძიება იმის შესახებ, არსებობდა თუ არა დანაშაულებრივი კავშირი ლიდერი-ფუდის ბუღალტერსა და დირექტორს შორის, თუმცა მიუხედავად გამოძიების შედეგებისა, დირექტორს ლიდერი-ფუდის მიმართ იმ ზიანის ანაზღაურებაზე მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრება, რომელიც მისი დირექტორობის პერიოდში მოხდა.
გარდა ამისა, 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ერთ-ერთმა აუდიტორულმა კომპანიამ შპს “ლიდერი-ფუდის“ მზა პროდუქციის საწყობში საქონლის მოძრაობა შეამოწმა. ამ ეტაპზე შემოწმებული არის მხოლოდ სამი თვე, რომელიც დუმბაძის დირექტორობის პერიოდში შედის. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა აღურიცხავი პროდუქტის გამოშვებასა და რეალიზაციას, რამაც საწარმოს 417,745 ლარის ზიანი მიაყენა. ესეც დირექტორის პასუხისმგებლობას წარმოშობს. გამოძიება გრძლედება სხვა პერიოდებზეც.
ასევე, დოკუმენტურად დასტურდება, რომ 2016 წლის 16 თებერვალს ირაკლი დუმბაძემ „ლიდერი ფუდის“ საბანკო ანგარიშიდან გაიტანა 100 000 აშშ დოლარი, რომელიც სალაროს მოძრაობის დოკუმენტაციაში არ ფიქსირდება და არც რაიმე დოკუმენტი არსებობს, რომელიც დაადგენდა თუ რა მიზნით იქნა დახარჯული ზემოაღნიშნული თანხა. შესაბამისად, ეს თანხაც წარმოადგენს ირაკლი დუმბაძის მიერ მითვისებულ თანხას. გამოვლენის სტადიაში არის სხვა შემთხვევები, რომლებიც დაამტკიცებენ იმას, რომ დუმბაძე მისი დირექტორობის პერიოდში შპს “ლიდერი – ფუდის“ ფინანსებს არასწორად განკარგავდა და ითვისებდა. ბუნებრივია, აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, ირაკლი დუმბაძის პასუხისმგებლობის საკითხი მალე დადგება დღის წესრიგში“, – განაცხადა შოთა გენგაშვილმა
არჩილ კბილაშვილმა პრეს-კონფერენციაზე ყურადრება გაამახვილა უზენაესი სასამართლოს მოახლოებულ სხდომაზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარეს არ გააჩნია არგუმენტი და მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ უზრუნველყო სარჩელის ჩაბარება დავით ზეიკიძისადმი, ხოლო მის მარწმუნებელს, დავით ზეიკიძეს, იმის დამადასტურებლად, რომ სარჩელი არ ჩაბარებია, სასამართლოში წარდგენილი აქვს უამრავი მტკიცებულება. კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები, – მათ შორის, ფოსტის კურიერის ჩვენება, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ მას „ლიდერფუდის“ ოფისში სასამართლოს კონვერტი არასდროს მიუტანია. ასევე, ვიდეოთვალის ჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს, რომ კურიერს მოაქვს თეთრი კონვერტები და არა ლურჯი, ანუ სასამართლოს კონვერტი და სადაც ასევე ნათლად ჩანს, რომ მას ხელთ არა ერთი, არამედ ორი კონვერტი უჭირავს. კბილაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მომენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც მოწინააღმდეგე არაკეთილსინდისიერი გზით მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნით ცდილობს დაამტკიცოს, რომ მხარეს ერთი და თანაც ლურჯი შეფერილობის, ანუ სასამართლოს კონვერტი ჩააბარა. „როცა ნათლად ვხედავთ ორ კონვერტს, თანაც ორივეს თეთრს, უკვე აზრს კარგავს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ერთ კონვერტზე და 49 ფურცლიან სისქესთან მის შესაბამისობაზე საუბრობს. ესეც რომ არ იყოს, ანუ ამ საქმეში რომც არ არსებობდეს ისეთი ნონსენსი, როგორიცაა ორი კონვერტის ერთ კონვერტად შესაღების მცდელობა, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება ამტკიცებს იმას, რომ დავით ზეიკიძეს ირაკლი დუმბაძის სარჩელი უბრალოდ არ ჩაბარებია. შესაბამისად, ის ვერ შეიტანდა შესაგებელ სარჩელს და შესაბამისად, ორი ინსტანციის მოსამართლეების ქოჩიაშვილისა და მაკარიძის გადაწყვეტილება დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ანუ განხილვის გარეშე დუმბაძესთვის 15 მილიონი დოლარის ოდენობის ქონების მიკუთვნების თაობაზე, არის უკანონო და ამდენად დანაშაულებრივი. ამ დანაშაულებრივი ქმედების აქტიური თანამონაწილეები არიან ასევე ადვოკატები სალია და თეთრაშვილი და ექსპერტი ამბროლაძე“ – მიაჩნია კბილაშვილს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ირაკლი დუმბაძეს საწარმოში არასდროს აქვს გაკეთებული რაიმე ინვესტიცია და რომ მისი ქმედებებით მხოლოდ ზეიკიძის კუთვნილი ქონების მითვისება დასტურდება.
კბილაშვილის თქმით, იკვეთება სურათი, რომ ირაკლი დუმბაძისთვის ცხადი იყო, რომ საქმის განხილვის შემთხვევაში მისთვის სასურველი შედეგი ვერ დადგებოდა და სწორედ ამიტომ ცდილობს ის მიზნის მიღწევას დაუსწრებელი გადაწყვეტილებით.
ადვოკატის განცხადებით, მსგავსი მასშტაბის ბიზნეს-დავის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ანუ განხილვის გარეშე დასრულების პრეცენდენტი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში არ არსებობს.“ჩვენს მხარეს, როგორც არაერთგზის აღინიშნა, აქვს უამრავი მტკიცებულება იმის დასტურად, რომ სარჩელი არ ჩაგვბარებია. ამ დროს მოსარჩელე მხარე მისთვის 15 მილიონიანი წილის გადაცემას მხოლოდ იმის საფუძველზე ითხოვს, რომ მან გზავნილი გააგზავნა. სარჩელის ჩაბარების ფაქტს ის ვერ ადასტურებს. შესაბამისად, უზენაესი სასამართლო, წინა ორი ინსტანციისგან განსხვავებით, იქნება სამართლიანი და ობიექტური, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ 8 სექტემბერს უზენაეს სასამართლოში 2 საათზე ჩანიშნული სხდომისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ის დისტანციური განხილვის ონლაინ ბმულს გაასაჯაროვებს.
წყარო: commersant.ge