მწყემსების ჩვენებები რადიკალურად ცვლის გამოძიების მიერ გახმაურებულ თვითმკვლელობის ვერსიას

მწყემსების ჩვენებები რადიკალურად ცვლის გამოძიების მიერ გახმაურებულ თვითმკვლელობის ვერსიას – რას აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი?!

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, მწყემსების ჩვენებები რადიკალურად ცვლის გამოძიების მიერ გახმაურებულ თვითმკვლელობის ვერსიას. ადვოკატის განცხადებით ის ამ ჩვენებების გასაჯაროებას გეგმავს.

“ჩვენ გამოძიებას და პროკურატურას თავიდანვე ვთხოვდით სატელიტიდან 18-დან 22 ივლისამდე გადაღებული სურათები დადონ და შესაბამისი კოორდინატებიც მივაწოდეთ. იყო თუ არა იქ საერთოდ ავტომობილი. მწყემსები ისეთ ჩვენებებს იძლევიან, ლამის ჩერნობილად აქციეს აღნიშნული საძოვარი. თითქოსდა არასდროს არ ყოფილა იქ ნახირი. ამ დროს 12, 13, 14 აგვისტოს ვიდეოკადრები მაქვს გადაღებული, როგორ გადაადგილდებიან. როგორც ჩანს, პოლიციელები არ იყვნენ იმ დღეს მორიგეობაზე.

მივეხმარები გამოძიებას და ბევრ ჩვენებას, რაც საქმეშია, მეც გავასაჯაროებ, როგორც თვითონ ასაჯაროებენ. ეს ჩვენებები რადიკალურად ცვლის გამოძიების ვერსიას. ეს არის მწყემსების ჩვენებები“, – განაცხადა რამიშვილმა.

პროკურატურის განცხადებაზე, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილში არსებულ ნივთებზე მხოლოდ გარდაცვლილის დნმ-ია აღმოჩენილი, რამიშვილი ამბობს, რომ „როდესაც ორგანიზებულია მკვლელობა, იქ ყველაფერი ხელთათმანებით ძალიან კარგად იგეგმება, რომ არავისი კვალი არ აღმოჩნდეს“.

ამასთანავე,თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას ვიდეომტკიცებულებები დაემატა. პროკურორი ადასტურებს, რომ როგორც გარდაცვლილის პირადი მობილური ტელეფონიდან, ისე მისი იუთუბის გვერდიდან ამოღებულია ვიდეო ჩანაწერები, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვანია.

პროკურატურაში ვიდეომტკიცებულების შინაარსი არ დააზუსტეს. ადვოკატის განცხადებით, ვიდეოჩანაწერებს ბაჩალიაშვილი ისე იყენებდა, როგორც დღიურს და ჩანაწერებს მაშინ აწარმოებდა, როდესაც ცუდად იყო.ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, სად განხორციელდა ამ ვიდეოს ჩაწერა.

ასევე ვრცელდება ერთ-ერთი აფთიაქის თანამშრომელის ჩვენება რომელიც ამბობს, რომ, გარდაცვლილი გოგონა იქ შევიდა, თუმცა არაფერი უყიდია. პოლიციამ აფთიაქიდან ვიდეოჩანაწერი უკვე წაიღო.

“თვითმკვლელობა, გამოძიებას თავიდანვე ჰქონდა შემუშავებული, რადგან ეს ორგანიზებული იყო. საგამოძიებო უწყება თამარ ბაჩალიაშვილის მიერ აბების ყიდვის ვიდეოჩანაწერები გამოაქვეყნა და აპელირება წამლებზე გააკეთა, მაგრამ ყურადღება არ გაამახვილა იმაზე, რომ ის გასახდომ ჩაისაც ყიდულობს, რაც მას კითხვის ნიშნებს და ეჭვებს უჩენს გამოძიების მიმართ”-აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

წყარო: fortuna.ge