ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია ექსკლუზიურ ინტერვიუზე ქართულ სატელევიზიო სივრცეში ტელეკომპანია „იმედს“ და „იმედის კვირას“ დათანხმდა.
ის უკვე თითქმის ერთი თვეა შვილებთან ერთად ლიეტუვაში იმყოფება.
„ახლა ყველაზე მეტად ბელარუსს დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერა და ყურადღების ცენტრში ყოფნა სჭირდება. ხალხს ეშინია, მეც მეშინია. არავის სურს დაპატიმრება, მაგრამ ყველა ერთად მზად ვართ ბრძოლისთვის. ცვლილებების დრო დადგა და ამ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს“, – განაცხადა ტიხანოვსკაიამ.
არჩევნების შედეგებს ბელარუსში თითქმის 1 თვეა აპროტესტებენ. 17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“.
მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.