აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა, იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42,4-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ აჭარა წითელი ზონაა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„აჭარაში ალბათ, დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი, ეს არის რეკომენდაციის შესრულება, აღსრულება, მათზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების მეტად გაფართოება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 45 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 23 შემთხვევა აჭარას უკავშირდება.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1321-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
“იმედინიუსი”