ბელარუსის საპროტესტო აქციების ლიდერი და ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი მარია კოლესნიკოვა უკრაინის საზღვარზე დააკავეს. ოპოზიციის კიდევ ორმა წარმომადგენელმა ივან კრავცოვმა და ანტონ როდნენკოვმა კი ქვეყნის დატოვება მოახერხეს და უკრაინის ტერიტორიაზე გადავიდნენ. ინფორმაციას ადასტურებს ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი ანტონ ბიჩკოვსკიც.
გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინსკის ცენტრში მარია კალესნიკოვა გაიტაცეს. ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.
მარია კალესნიკოვა ბელარუსის საპრეზიდენტო კანდიდატის ვიქტორ ბაბარიკას შტაბში მუშაობდა. ბაბარიკა სამართალდამცავებმა დააკავეს და ცესკომ რეგისტრაციაზეც არ დაუშვა. ამის შემდეგ, კალესნიკოვა საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა.
ერთი თვეა ბელარუსში გრძელდება მასობრივი პროტესტი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ, რომელშიც გამარჯვებული გამოცხადდა ამჟამინდელი სახელმწიფოს მეთაური ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც ამ თანამდებობას 1994 წლიდან იკავებს.
არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ცესკოს მიერ დამტკიცებული შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 80.1% -მა ხმა მისცა ლუკაშენკოს, 10.12% – მის მთავარ მოწინააღმდეგეს სვიატლანა ტიხანოვსკაიას.
წყარო: ghn.ge